გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს

523

გლდანის მე-3 მიკრორაიონში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

ნიკა მელიას შტაბის წევრის, თამარ ზერეკიძის განცხადებით, დაახლოებით 06:00 საათზე, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა. დამწვარია ოფისის ნაწილი.

„ერთ-ერთ შტაბში, რომელიც მდებარეობს გლდანის მესამე მიკროში, დილით ისროლეს ორი დიდი ქვა, ჩამტვრეულია მინები. ასევე, ისროლეს ნაჭრით და ბენზინით სავსე ბოთლები, რომლითაც ცეცხლი გააჩინეს. შენობა დამწვარია, ამ დროს შტაბში არავინ არ იმყოფებოდა. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია“, – აღნიშნა თამარ ზერეკიძემ.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც ფორმულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.