ჯაფარიძე: „გირჩი“ არ აწყობს ე.წ. სირცხვილის დერეფანს

328

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მისი პარტია არჩევნების მეორე ტურის დღეს საარჩევნო უბნებთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ „სირცხვილის კორიდორი“ მონაწილეობას არ მიიღებს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია მისაღებია.

„გირჩი“ არ აწყობს ე.წ. სირცხვილის დერეფანს, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც არჩევნებს მოგპარავენ, ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია. სხვა პარტიას თუ უნდა რამე მსგავსის გაკეთება, უნდა და გააკეთებს“,-აღნიშნა მან.

მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.

„ოპოზიციაზე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი სხვადასხვანაირად მოქმედებს. ოპოზიციის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ სააკაშვილთან და ამ ნაწილში უარყოფითად მოქმედებს. მე ნაკლებად მაინტერესებს, სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ მაღელვებს. მიხეილ სააკაშვილს ვუყურებ, როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც თავისი პირადი დღის წესრიგი აქვს და მის გატარებას ცდილობს”,-აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდ, 21 ნოემბერს, მეორე ტურის დღეს, ყველა საარჩევნო უბანზე სირცხვილის დერეფანი  მოეწყოს. 

21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს “ქართულ ოცნებას” მხარდამჭერი. 22 ნოემბერს აქ ჩვენ ისევ შევიკრიბებით. ეს ბრძოლა მხოლოდ არჩევნებისთვის არ არის, აქ ბრძოლაა საქართველოს მომავლისთვის, იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია არაა, ყველამ ერთად დემოკრატიის სადარაჯოზე დავდგეთ”,- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.