ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია კვირასაც გაიმართა. შეკრებილები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს და უსკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის თქმით, ოპოზიცია არ გეგმავს, აქციები შეწყვიტოს.
ვარშალომიძემ ამომრჩეველს მოუწოდა, არ წავიდეს არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 21 ნოემბერს არის დაგეგმილი. თუმცა, ასევე გამოვიდა სირცხვილის დერეფნის ინიციატივით:
„31 ოქტომბერს სპეცოპერაცია მოხდა. დღეს რუსული ოცნება გვეუბნება: არ გამოხვიდეთ დაჯექით სახლში, როდესაც ცესკო და უსკო უსინდისოდ აყალბებს არჩევნებს, ერთადერთი გზაა, რომ დავიცვათ თითოეული ხმა და არჩევნებით ხელისუფლება შევცვალოთ. ჩვენი გზავნილი არამარტო საქართველოსთვის არამედ მსოფლიოსთვის, ასეთია: მშვიდობიანად შევცვალოთ ხელისუფლება, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და შეიცვალოს ცესკოს ხელმძღვანელობა. ამ მიზნით ვდგავართ ყველა პარტია, ბევრი ჭორი და ლაპარაკი იქნება, მე არსად არ ვაპირებ წასვლას ბოლომდე ვიბრძოლებ და თქვენს გვერდით ვიქნები. მოთხოვნას სჭირდება კონკრეტული გეგმა, 24 – საათიან რეჟიმზე ვიქნებით. 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური იქნება, ჩვენ არ ვღებულობთ მონაწილეობას და აქტივს მოვუწოდებთ, რომ არ მივდივართ არჩევნებზე. არცერთი ჩვენგანი არ შედის პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში.
21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს “ქართულ ოცნებას” მხარდამჭერი. 22 ნოემბერს აქ ჩვენ ისევ შევიკრიბებით. ეს ბრძოლა მხოლოდ არჩევნებისთვის არ არის, აქ ბრძოლაა საქართველოს მომავლისთვის, იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია არაა, ყველამ ერთად დემოკრატიის სადარაჯოზე დავდგეთ”,- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
მან მოუწოდა მოქალაქეებს, საქართველოს დროშები გადმოფინონ თავიანთი ფანჯრებიდან.
ვარშალომიძემ ასევე დააანონსა მომდევნო აქცია ბათუმში – მისი თქმით, ის 22 ნოემბერს.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისშიც. ბოლო აქცია შაბათს, 14 ნოემბერს გაიმართა. შემდგომი დემონსტრაცია 18 ნოემბერს, 11:00 საათზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტის პარალელურად ჩატარდება.