ერთ წელზე მეტია, რაც მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტზეა დამოკიდებული ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებისათვის სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. ამის შესახებ რაიდო მარნეული წერს.
პროექტის დასრულების შემდეგ, ასევე კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს 38 000-მდე მოსახლე.
რადიო მარნეულმა ინტერვიუ ჩაწერა “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების” კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის უფოსთან, ნიკოლოზ ვასაძესთან. როგორც მან, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პროექტის დასრულება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ჭიანურდება.
„2021 წლის ივნისის თვე უნდა ყოფილიყო სამუშაოების დასრულების თარიღი, თუმცა მსოფლიოში შექმნილი პანდემიის გამო, რა თქმა უნდა, სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიასაც რამდენიმე თვე მოუწია გაჩერება, შეფერხებით მუშაობა. ზუსტად არ შემიძლია რომ გითხრათ დასსრულების თარიღი, მაგრამ 2021 წლის ივნისის თვეში, ფიზიკურად ვერ მოესწრება“, – ამბობს ვასაძე.
ნიკოლოზ ვასაძის თქმით, სამუშაოების დასრულება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, მარნეულში 18 სამუშაო ჯგუფი მუშაობს და იგეგმება მათი დამატებაც:
„უნდათ, რომ სამუშაო ჯგუფი 25-მდე გაზარდონ. მოგახსენებთ, რომ წყალარინების ქსელი ჯამში 200 კილომეტრამდე უნდა მოეწყოს. იგულისხმება როგოც ქალაქ მარნეულის წყალარინების სისტემის მოწყობა, ასევე კოლექტორის მოწყობა, რომელიც ქალაქ ბოლნისიდან მოედინება. ამ წუთებში არის 75 კილომეტრამდე მოწყობილი წყალარინების ქსელი, ხოლო წყალმომარაგების ქსელი არის მოწყობილი 100 კილომეტრამდე 190-დან. ანუ, ნახევარზე მეტი სამუშაოები წყალმომარაგების მიმართულებით შესრულებულია. დარულებულია ერთი მოქმედი რეზერვუარი, მეორე კი სამუშაობის პროცესშია. გარდა ამისა, ქოლაგირში დასრულებული არის სატუმბო სადგურის მოწყობა, დარჩენილია კოსმეტიკური ნაწილი. ბევრ ქუჩაზე დასრულებულა სამუშაოები, როგოც წყლის, ასევე წყალარინების, ბოლოს იქნება საჭირო გამრიცხველიანება ყველა აბონენტის.
ნიკოლოზ ვასაძე არ გამორიცხავს, რომ მარნეულში სამუშაოები შესაძლოა 2021 წლის ბოლოს დასრულდეს. პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს.