იაგო ხვიჩია: ვაშაძემ კი არა, ვინც გინდა თქვას, ყველას დავეთანხმები — მოლაპარაკებას არ გააჩნია ალტრენატივა

393

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია. ასე გამოეხმაურა იგი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩაანაცვლონ.

“გრიგოლ ვაშაძემ კი არა, ვინც გინდა იმან თქვას, ყველას დავეთანხმები, რომ მოლაპარაკებას არ გააჩნია ალტრენატივა. სხვა შემთხვევაში ჩხუბობენ. ჩხუბი არ მინდა. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ. შეიძლება მოლაპარაკების პროცესს უფრო უხდება ქუჩის აქციები, შეიძლება ხელს უშლის. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც საჭიროა მოლაპარაკებების მიზნებისთვის. ყველაფერი ეს, ქუჩის აქციები თუ რაც იქნება, ემსახურება იმას, რომ მოილაპარაკონ, ხომ?”, — განაცხადა ხვიჩიამ რუსთავი 2-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”, – ამბობს ვაშაძე.

მის განცხადებას თავად მის პარტიაშიც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგ ვაშაძემ განცხადების დამატებითი განმარტება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მოქალაქეების პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი მოლაპარაკებების სახით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

ვაშაძის ამ განცხადების შემდეგ პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას“.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით  რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.