არ შევდივარ პარლამენტში, არ ვაღიარებ არჩევნებს და მილიონებიც არ დამიხარჯავს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კახა ოქრიაშვილმა განუცხადა, რომლის პარტიაც “ნაციონალური მოძრაობასთან“ ერთად ერთ საარჩევნო ბლოკშია.
“ჩვენ ვართ პარტია “პროგრესი და თავისუფლება“ და პარლამენტში შესვლის საკითხზე ზუსტად ისეთივე პოზიცია გვაქვს, რაც ყველა ოპოზიციურ პარტიას. პარლამენტში არ შევდივართ და როგორც ვიცი, არავინ არ შედის“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
დღეს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიებს უკვე აქვთ განსხვავებული პოზიციები, “ნაციონალური მოძრაობაშიც” არიან ადამიანები, რომელთგანაც თითოეულს რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული ამ არჩევნებზე და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა. მისივე თქმით, ოპოზიციაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის რამდენიმე განსხვავებული ინტერესი, რომელიც ფულის ხარჯვასთან და რეალობის აღქმასთანაა დაკავშირებული და რაც საბოლოო ჯამში, მათ პარლამენტში შესვლისკენ უბიძგებს.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.
გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.