კობახიძე: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი

393

წინა სტატია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, ეს ხელისუფლების მიერ ევროკავშირისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

„ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა.

რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით ყველა ხელშესახები წინსვლა სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე, ვიზა-ლიბერალიზაცია არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიღწევები და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებაც არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, ჩვენ მოვახერხეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ ევროკავშირისკენ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენი ევროპული მისწრაფებების მიმართ გამოხატა,“ – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი აღარ გახდება.

“როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა”.

ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

“ვულოცავთ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ერთ კვირაში საბჭოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდება”.

დღეს, ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოგვიანებით, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.