გარდა იმისა, რომ პარტიებს უკვე აქვთ განსხვავებული პოზიციები, მაგალითად , “ნაციონალური მოძრაობაშიც” არიან ადამიანები, რომელთგანაც თითოეულს რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული ამ არჩევნებზე და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის რამდენიმე განსხვავებული ინტერესი, რომელიც ფულის ხარჯვასთან და რეალობის აღქმასთანაა დაკავშირებული და რაც საბოლოო ჯამში, მათ პარლამენტში შესვლისკენ უბიძგებს.
“ჩვენი მოლოდინია ყველა ოლქის მოგება. იმედია, ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა ოლქში მეორე ტურში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილია მეორე ტურშიც შედგეს სრულად კონკურენტული არჩევნები. ვიცით, რომ უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის”- განაცხადა კობახიძემ.
ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის.
გარდა ამისა, გრძელდება ქუჩის აქციები. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.
მანამდე, 8 ნოემბერს ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, რა დროსაც აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.
გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.