კობახიძე: მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე

438

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პოლიტიკური პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის პირობებში პოლიტიკური დისკუსია, ნაცვლად სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებისა, საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი. ამ მოცემულობის შესაცვლელად მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს.

„ევროკავშირმა დაადგინა 12 პუნქტი, როგორც პირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ამ პუნქტების უმეტესობა ასოცირების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის რამდენიმე თვის წინ შეთანხმდა. მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ამ 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შემდეგი გეგმის შესაბამისად. პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება უნდა განვიხილოთ როგორც ერთგვარი საფუძველი დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად. პოლიტიკური პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის პირობებში პოლიტიკური დისკუსია, ნაცვლად სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებისა, საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი. ამ მოცემულობის შესაცვლელად მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას ამ თვალსაზრისით და ანალოგიურად ოპოზიციამ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს. იგივე ეხება მედიისაც, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა; აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მაპოლარიზებელ კამპანიაში უშუალოდ არის ჩართული. დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის ​მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ. მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე“, – განაცხადა კობახიძემ.