თალაკვაძე ოპონენტებზე: ესენი არიან შენიღბული დამნაშავეები, ზოგი პოლიტიკას არის ამოფარებული, ზოგი კი – მედიას

340

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მისი ოპონენტები შენიღბული დამნაშავეები არიან, ზოგი მედიასაა ამოფარებული, ზოგი პოლიტიკას. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“ესენი არიან შენიღბული დამნაშავეები, ზოგი პოლიტიკას არის ამოფარებული, ზოგიც კი მედიას. რეალურად, ამ ადამიანების უკან არის უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიები, სისტემური დანაშაულები და ადამიანის და საზოგადოების ღირსების ხელყოფა, — დღეს გადაფუთულები მოდიან საზოგადოებასთან მშვიდობის და დემოკრატიის სახელით”, — განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები დაშალა.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, რა დროსაც აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ. გუშინდელ აქციაზე დააკავეს აქციის 19 მონაწილეც, რომელთა ნაწილსაც ჯარიმა, ნაწილს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.