22 საათი შესრულდა. რუსთაველის გამზირზე “დაუმორჩილებლობის” აქცია დაიწყო

693

22 საათი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შვიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისში შეზღუდვები ძალაში შევიდა, რომლის თანახმადაც, 22 საათის შემდეგ ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა.

ამის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის “სირცხვილია” ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყო. მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერები აცხადებენ, რომ მათ კონსტიტუციური უფლება აქვთ, იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი ხელისუფლების მიერ სპეციალურად აქციებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან.

ცოტა ხნის წინ აქციაზე პოლიციამ მოძრაობის სამი აქტივისტი დააკავა. დაკავებულები არიან გიორგი მჟავანაძე, ნოდარ რუხაძე და ლექსო მაჭავარიანი. მათი დაკავება ტერიტორიაზე შეშის შეტანის მცდელობას მოყვა.

როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დღეს 18:00 საათზე განახლდა. მოთხოვნები უცვლელია – თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

დღევანდელ აქციაზე ოპოზიციამ სამოქმედო გეგმაც გამოაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეებს ნიკა მელიამ გააცნო. მისი თქმით, შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.

დღეს საღამოს გავრცელდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, პატივი სცენ შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებას. ისინი, ასევე, მოუწოდებენ ყველა აქტორს, ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში, გადალახონ ამჟამინდელი პოლარიზაცია, იმუშაონ ერთად სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად და ამავე დროს, მიაქციონ ყურადღება საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მიერ მიღებულ გზავნილებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, რა დროსაც აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ. გუშინდელ აქციაზე დააკავეს აქციის 19 მონაწილეც, რომელთა ნაწილსაც ჯარიმა, ნაწილს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.