ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხმაურება.
ეუთო-ს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედგების წინააღმდეგ თბილისში პოლიციასთან მომხდარი შეტაკებების შესახებ, ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი და ეუთო-ს მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი ელონა გებრეა ხოჯა და ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი პია კაუმა აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, პატივი სცენ შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებას.
„კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ამავე დროს, შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში ბოლო პროტესტებს. მივესალმები, რომ ადამიანები იყენებენ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ძალადობის ფაქტები დაუშვებელია. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, რომ იყვნენ მშვიდობიანი. ამავდროულად, ხაზს ვუსვამთ, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, გამოიჩინოს თავშეკავებულობა დემონსტრანტების საპასუხოდ, ხელისუფლებისთვის აუცილებელია, რომ მოუსმინოს აქციის მონაწილეებს და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – აცხადებს ხოჯა.
„მოვუწოდებ ყველა აქტორს, ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში, გადალახონ ამჟამინდელი პოლარიზაცია და იმუშაონ ერთად სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად და ამავე დროს, მიაქციონ ყურადღება საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მიერ მიღებულ გზავნილებს. მსურს, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი, არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების შესწავლის ინკლუზიური პროცესისათვის“, – განაცხადა პია კაუმამ.
„საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში არჩევნებსა და შემდგომი პოლიტიკურ მოვლენებზე დაკვირვებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებულობას და გამოავლენს პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და ერთგულებას საერთო სიკეთისადმი, უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცების მიზნით“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ.
ეუთო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გაგზავნა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო-ოდირი-ს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იყო დაორგანიზებული, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც „კოვიდ-19“ პანდემიამ მოიტანა.
„თუმცა საარჩევნო კომისიაში მმართველი პარტიის დომინანტობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მათი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით ქვედა დონეზე.
საზოგადოებრივი კონსულტაციების შედეგად, არჩევნები ჩატარდა არსებითად შესწორებულ სამართლებრივ ჩარჩოებში, რომელმაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, თუმცა საჭიროა სამომავლო ძალისხმევა ხარვეზების გამოსასწორებლად, – ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადების თანახმად, გადათვლის პროცესი მიმდინარეობს უბნის შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით. 2020 წლის 8 ნოემბრის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 24 საარჩევნო უბნის შედეგები უკვე გადათვლილია“, – აღნიშნულია ეუთო-ს ინფორმაციაში.