ცესკოს შენობასთან, სადაც გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა, დამატებითი რკინის კონსტრუქციები განათავსეს.
მიმდებარე ტერიტორიაზე დანგრეულია ღობეები, შენობის წინ კი დიდი რაოდენობით ქვები და წყლის ბოთლები ყრია.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გუშინ 3 საათზე გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელისუფლებას 3 მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცეს, რა ვადის ამოწურვის შემდეგაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები იყო და ამ დრომდე ძალაში რჩება შემდეგი: 1. ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; 2. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და კომისიების სამართლიანი პრინციპით დაკომპლექტება; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
რაც შეეხება ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დროის სხვადასხვა მონაკვეთში წყლის ჭავლი გამოიყენა. ცესკოს ტერიტორიის მომიტინგეებისგან გასათავისუფლებლად პროცესში ჩართული იყო სპეცრაზმიც.
წყლის ჭავლის რამდენჯერმე გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ცესკოსთან ბრუნდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ, ოპოზიციონერი ლიდერების გადაწყვეტილებით, წუხელ ღამით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.