თავი აარიდეთ ადგილს, სადაც პოლიციაა მობილიზებული — აშშ-ს საელჩომ განცხადება გაავრცელა

554

აშშ-ს საელჩომ საქართველოში საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რითიც მიმდინარე აქცია გამოეხმაურა და ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

“დემონსტრაცია მიმდინარეობს აშშ-ს საელჩოდან 5 წუთის სავალ გზაზე. პოლიცია იყენებს კონტროლის ზომებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ცალკეული, მოულოდნელი მიტინგები ან პროტესტი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საპასუხოდაა მიმართული, შესაძლოა, გაგრძელდეს”, — აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ს სამთავრობო პერსონალმა გაფრთხილება გაავრცელა, რომ ხალხმა თავი აარიდოს ნებისმიერ იმ ადგილს, სადაც პოლიციელთა დიდი რაზმია მობილიზებული, ასევე, საფრთხისშემცველ ადგილებს, რომელიც სავარაუდო ძალადობაზე მიანიშნებს და სიფრთხილე გამოიჩინოს თუ დემონსტრაციის სიახლოვეს აღმოჩნდებიან.

“ისინი, ვინც არიან სასტუმროებში, რესტორნებში ან სხვა რაიმე ტიპის ბიზნესდაწესებულებაში, რომელიც საპროტესტო აქციის მიმდებარედ მდებარეობს, უნდა დარჩნენ შენობაში მანამ, სანამ ხალხი არ დაიშლება”, — ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად  წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ კი გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. დაშლისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.