მდინარაძე: ოპოზიციას აქცია ჩაუფლავდა, რის შემდეგაც სცადეს ცესკოში შეჭრა, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა

362

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციას „აქცია ჩაუფლავდა“.

როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ „აქციის ჩაფლავების“ შემდეგ გადაინაცვლეს ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცესკოსთან, სადაც შენობაში „შეჭრა სცადეს“.

„დღეს ჩვენ ვნახეთ მოცემულობა, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას კოვიდ-ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხეტათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან. როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 30 უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტენები.

დამატებით, სასამართლოს დავალებით მიმდინარეობს თუ არ ვცდები, ათამდე უბანზე გადათვლა. ჯერჯერობით, ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა, ხაზს ვუსვამ, რაიმე არსებითი დარღვევა გამოვლენილი ვერ იქნა, არა თუ გაყალბების რაიმე ფაქტი. ვუერთდებით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდებას და ჩვენც, კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან რეგულაციები , ასევე არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად  წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ კი გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. დაშლისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.