ომბუდსმენი მმართველ პარტიას და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები

333

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც მმართველ, ასევე, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები საარჩევნო დარღვევების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა.

„საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოს, შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი. სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ არსებითი ხასიათის დარღვევებს საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვის პროცესში სათანადო პასუხები ვერ გასცეს, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს გლობალური პანდემიის გამო საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა საერთო სამართლებრივ და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმების მიზნით. აუცილებელია გზების გამონახვა, რათა შესაძლებელი გახდეს სადავო საარჩევნო უბნების შედეგების მაქსიმალური გამჭვირვალობით გადათვლა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელისუფლებლო და ოპოზიციურ პარტიებს, უსწრაფესად დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების მიზნით. დროულად გამოიძებნოს და შეთანხმდნენ შესაბამის ფორმატზე, რა დროსაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ასევე, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესების დაკვირვებისა და ფასილიტაციის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ წუთებში ცესკოსთან მანიფესტაციის მონაწილეებს წყლის ჭავლით შლიან. ჯერ-ჯერობით ცესკოსთან მხოლოდ აქციის მონაწილეთა ნაწილია, მათ შორის ჯერ არ არიან ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ცესკო-სკენ მიემართებიან.

ცესკო-სთან მოქალაქეები, რომელთა დაშლაც გაუფრთხილებლად, წყლის ჭავლით დაიწყეს, სამართალდამცველების მისამართით ქვებს ისვრიან. ჭავლით დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

როგორც ცნობილია, რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.