ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, ერთ-ერთ შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებს ხელებსა და ქვებს ურტყამენ.
აქტივისტები სკანდირებე: „მონებო“, „ქურდებო“ და „გააღეთ“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთელს ტერიტორიაზე განლაგებული არიან სამართალდამცავები, მათ შორის ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმიც. ტერიტორიაზე განთავსებულია სახანძრო მანქანაც.
ცესკოს შენობას აქციის მონაწილეებისგან სწორედ პოლიციელთა ცოცხალი ჯაჭვი იცავს. ასევე, მობილიზებულია სპეცრაზმი.
როგორც ცნობილია, რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.
ამ დროისთვის მომიტინგეები ცესკოსკენ მიემართებიან.