ცესკო-სთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული

536

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები მიემართებიან, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.

ადგილზე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმი, ასევე, ცესკო-ს შენობასთან განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ ცესკოსთან შესასვლელი ორივე გზა. ერთ მხარეს თავად სამართალდამცველები დგანან, ხოლო მეორე მხარეს აღმართულია რკინის ჯებირები.

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები ცესკოსთან გადაინაცვლებენ, სადაც მათივე განცხადებით, „დღეიდან ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა“.

როგორც ცნობილია, რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

ამ დროისთვის მომიტინგეები ცესკოსკენ მიემართებიან.