ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკი შენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე, გიგა ფარულავა გაეცნო.
მისი თქმით, ზუგდიდს უკვე ჰყავს 15 ახალი ავტობუსი და მალე 25 ახალი ავტობუსი დაემატება.
„ვაშენებთ ახალ, თანამედროვე სტანდარტის შესაბამის ავტოპარკს, რომლის მსგავსი მუნიციპალიტეტში არასდროს გვქონია. მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჩვენი მთავარი საზრუნავია, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება დაწყებულია. ზუგდიდს უკვე ჰყავს 15 ახალი ავტობუსი და მალე 25 ახალი ავტობუსი დაგვემატება, რომლითაც სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს გზების მშენებლობა“,- განაცხადა გიგა ფარულავამ.
ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით.
მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები.
ავტოპარკის მოწყობის სამუშოებისთვის საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.