მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

422

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტი საჯარო განხილვისათვის გამოაქვეყნა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

მოქალაქეებს მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, ცვლილებების შეტანის მიზნით, შენიშვნების წარდგენა 25 ნოემბრამდე შეეძლებათ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებს ბიუჯეტის შენიშვნების წარდგენა ელექტრონულად და წერილობით, საკრებულოს აპარატში განცხადების შეტანით, შეეძლებათ. მოქალაქეებმა 2021 წლის ბიუჯეტის შენიშვნები ელექტრონულად ვებ. გვერდზე www.sakrebulo@marneuli.gov.ge 25 ნოემბრამდე უნდა შეიტანონ.

მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა მოსახლეობას აქტიურობისაკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით შედგა, რადგან მერია და საკრებულო მოქალაქეებთან კონსულტაციების შედეგად ადგენდნენ ბიუჯეტს. 2021 წლის ბიუჯეტის შედგენისას კი მოქალაქეებთან ღია შეხვედრების ჩატარება, პანდემიისა და არჩევნების გამო, ვერ მოახერხეს.

„ძალიან პასიურობს მარნეულის მოსახლეობა. თითზე დასათვლელი შენიშვნები შემოდის ხოლმე. თუ წელს იქნება ბიუჯეტის შენიშვნები, მაშინ საკრებულო ამ შენიშვნებს ბიუჯეტის პროექტთან ერთად დაუბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს 25 ნოემბრამდე. მუნიციპალიტეტის მერი, ამ შემთხვევაში, ან მიიღებს მხედველობაში შენიშვნას, ან დასაბუთებულ უარს ეტყვის და ჩასწორებულ პროექტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა უკან დაგვიბრუნებს და ჩვეულებრივ ეყრება კენჭი ამ პროექტს საკრებულოს სხდომაზე,“ – განაცხადა ნინო ბერიძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტი 31 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

ნინო ბერიძის განმარტებით, 25 ნოემბრამდე ბიუჯეტის საყოველთაო განხილვაც გაიმართება, რომელზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მანეულის 2021 წლის ბიუჯეტი 29 603 600 ლარით განისაზღვრა.