ზუგდიდის საოლქო კომისიამ 48 საჩივარი არ განიხილა

344
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა საჩივრების განხილვა. კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის ინფორმაციით, ჯამში 63 საჩივარი იყო მათთან რეგისტრირებული. აქედან განუხილველი დარჩა 48, ვინაიდან, როგორც მირანდა მესხი განმარტავს, დარღვევების ნაწილი, რომელიც შეეხებოდ კენჭისყრის პროცედურებს, უბანზევე აღმოიფხვრა. განუხილველი დარჩა ისეთი საჩივრებიც, რომლებიც უბანზე არ იყო რეგისტრირებული და როგორც კომისიის თვმჯდომრე ამბობს, ისეთებიც, რომლებზეც საჩივრის შეტანის წესი დაირღვა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

“მაგალითად, გასაჩივრებული იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ეს განუხილველი დარჩა, ახსნილი გვაქვს, კონკრეტულად რა პრობლემა იყო ამ უბნებზე, და რომ ეს უბანი არ საჭიროებდა არც გახსნას და არც გადათვლას, რადგან პრობლემა ამ უბნებს არ ჰქონდათ – მხოლოდ შესწორების ოქმები ერთვოდა მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობასთან დაკავშირებით… არის ოქმები, რომელსაც შესწორებები უბანზევე ერთვის”, – განმარტავს მირანდა მესხი.

4 ნოემბრის ღამეს, საოლქო კომისიამ განიხილა “სამართლიანი არჩევნების” 3 და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის 2 საჩივარი.

პოლიტიკური პარტიის საჩივრები შეეხებოდა,შესწორების ოქმებს, რომელიც დაერთო შემაჯამებელ ოქმებს მეორე დღეს. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ითხოვდა უბნების ხელახლა გადათვლას. საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

კომისიამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შემაჯამებელ ოქმში უბანზე მიღებული ბიულეტენების რაოდენობის შეტანა ჰქონდათ გამორჩენილი, რაც გასწორდა.

რაც შეეხება “სამართლიანი არჩევნების” საჩივრებს, ერთი შეეხებოდა 89-ე უბანს, სადაც 39-მა ამომრჩეველმა ვერ მისცა ხმა პარტიას, რადგან მათზე გაიცა მხოლოდ ერთი სახის ბიულეტენები.

“სამართლიანი არჩევნები ამბობდა, რომ ამ უბანზე არისო ნაკლებობა ასახული და ითხოვდა ხელახლა გადათვლას. უკვე ყველამ იცის, ეს ნაკლებობა რითიც იყო განპირობებული. ეს პრობლემა აღმოფხვრილი იყო და არ დაკმაყოფილდა შესაბამისად იმ უბნის მონაცემების გადათვლის მოთხოვნა”,- განაცხადა მირანდა მესხმა.

89-ე უბანზე საჩივარი დაწერილი ჰქონდა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელსაც. პარტია ითხოვდა უბნის კომისიის თავმჯდომარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრ ფორმას – ხელფასის დაკავების გამოყენებას, თუმცა საოლქო კომისია მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა.

გარდა ამისა, საოლქო კომისიამ, მიუხედავად იმისა, რომ ოლქში მსგავსი საჩივარი არ იყო რეგისტრირებული, გადაწყვიტა 46-ე უბანზე, გადასატან ყუთის გაბათილების მოთხოვნა განეხილა.

საკითხის განხილვას 3 ნოემბერს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხსა და “ევროპული საქართველოდან” კომისიის წევრ ბესიკ დონაძეს შორის.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა საოლქო საარჩევნო კომისიამ.

ბესიკ დონაძე თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებით კომისიამ კამერების წინ, ღიად გააყალბა არჩევნები. როგორც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი განმარტავს, გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველის ნაცვლად, საუბნო კომისიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, თანაც ისე, რომ ამ ადამიანთან სახლში არც ყოფილან.

“46-ე უბანზე კომისიის წევრები არ მისულან ამომრჩეველთან, ბიულეტენები ჩაყარეს თვითონ. იმავე დღეს, ქალბატონი თალიკო ჯიჭონაია (ამომრჩეველი) აცხადებდა, რომ მასთან გადასატანი ყუთი არ მისულა. იმავე დღეს ამ ქალზე განხორცილედა ზეწოლა, რის შემდეგადაც მოგვიწია პოლიციის გამოძახება მის სახლში. ხოლო მეორე დღეს, კომისიის წევრი, ვინც მანამდე არ მისულა მასთან, მიდის და აკეთებენ თალიკოს ვიდეო გამოკითხვას, რომ თითქოს მან მიიღო მონაწილეობა”, – განაცხადა ბესიკ დონაძემ, რომელიც საჩივრების განხილვის პროცესს სრულად არ დასწრებია. მან სხდომა პროტესტის ნიშნად, მირანდა მესხთან დაპირისპირებისას დატოვა.

თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 46-ე უბნის გადასატანი ყუთით კანონის დაცვით ისარგებლა 48 ამომრჩეველმა. მისივე სიტყვებით, ხანდაზმულმა ამომრჩეველმა, რომელზეც პრეტენზიები გამოითქვა, ნამდვილად მიიღო ამ გადასატანი ყუთით არჩევნებში მონაწილეობა, რის დასტურადაც ნაჩვენები იყო ვიდეოფირი, სადაც ის ახსნა-განმარტებებს იძლევა და ადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას.

“ვიდეოფირი ვაჩვენეთ, სადაც თავმჯდომრე ესაუბრება ამ კონკრეტულ ამომრჩეველს, რომ რეალურად ის იყო გადასატანი ყუთის სიაში და მიიღო მონაწილეობა, სადაც აფიქსირებს თვითონ ხელმოწერას. მანდ გაუწია წარმომდგენელმა დახმარება, რომ კონკრეტულად იმ გრაფაში დაეფიქსირებინა მას ხელმოწერა. ამის საფუძველზე მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება, რომ ეს მონაცემები გადაეთვალა და მონაცემები დაემატა იმ კონკრეტული უბნის შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს”, – განაცხადა მირანდა მესხმა.

საჩივრების განხილვის პროცესით უკმაყოფილოა არასამთავრობო სექტორი. მაგალითად, “სამართლიანი არჩევნები”აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობამ, რომლებმაც განიხილეს საჩივრები, არ დააკმაყოფილეს შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნა. ორგანიზაციები მოუწოდებენ საოლქო საარჩევნო კომისიებს, არ შექმნან ხელოვნური ბარიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას. ასევე, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად ეცადონ, გადათვალონ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის ბიულეტენები და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იქნებიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე.

4 ნოემბერს, თბილისში, თითქმის ყველა უბნის საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომის პარალელურად, შენობის გარეთ ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები გაიმართა. შეკრებილები “გაყალბებულ არჩევნებს” აპროტსტებდნენ. ისინი ითხოვდნენ შენობაში შესვლას, რის უფლებასაც პოლიცია არ აძლევდა. აქციებზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი. ზუგდიდში იგივე შინაარსის აქცია საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის დაწყებამდე გაიმართა და მალევე დასრულდა.

ზუგდიდი იმ ოლქებს შორის არის, სადაც მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება. წინასწარი მონაცემებით, 31 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაზე “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ჩიქოვანმა ხმათა 48, 24% მიიღო, ხოლო ენმ-ის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ 36, 94%.

პროპორციული სიით, წინასწარი მონაცემებით პარტია “ქართულ ოცნებას” 46, 47%, ხოლო ენმ-მ 38, 48% აქვს.