რატომ წყვეტს ივანიშვილის ძმის ბიზნესპარტნიორი და მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი მერის გადადგომის საკითხს?!

5410

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

მმართველი პარტიის კანდიდატი ხაშური-ქარელის ოლქში ზაალ (ზაზა) დუგლაძე პარლამენტში ჯერ არ შესულა და უკვე მერის, გიორგი გურასპაშვილის გადადგომას ითხოვს. ადგილობრივების და მედიის ცნობით, დუგლაძესა და გურასპაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იმის გამო მოხდა, რომ დუგლაძემ არჩევნები პირველივე ტურში ვერ მოიგო. გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც პარტიის შიდა წყაროებიც ადასტურებენ, სწორედ ამის გამო მოსთხოვა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირდაპირი წესით არჩეულ მერს გადადგომა.

დუგლაძემ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 49.33% დააგროვა, მისმა კონკურენტმა ნატო ჩხეიძემ “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან” – 29.91%. ამ შედეგებით კი ხაშური-ქარელის ოლქში მეორე ტური უნდა გაიმართოს იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი მასში მონაწილეობას.

დღეს დილიდან გურასპაშვილი მერიაში არ გამოჩენილა. სავარაუდოდ, მალე გაირკვევა, დაწერს თუ არა ის გადადგომის შესახებ განცხადებას.

ვინ არის ზაალ (ზაზა) დუგლაძე, რომლის მოთხოვნითაც, თურმე, მერი თანამდებობას უნდა ტოვებდეს?

ის, საკუთარ ძმებთან და “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილთან ერთად, შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ ერთ-ერთი მეწილე და კომპანიის გენერალური დირექტორია. სავარაუდოდ, სწორედ ამ პარნიორობამ განაპირობა მისი კანდიდატობა ხაშური-ქარელის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ გარდა ამ კომპანიისა, დუგლაძე, ივანიშვილის ძმასთან ერთად, კიდევ ორ კომპანიას – ეფ ენდ კომპანის“ და აისი ინკს ფლობს, ხოლო “დუგლაძეების ღვინის კომპანია”, რომელშიც ივანიშვილს და დუგლაძეს თანაბარი – 23-23%-იანი წილი აქვთ, თავის მხრივ, ფლობს, ასევე, 100%-იან წილებს შპს ვარციხის კონიაკის ქარხანასა და შპს ივერია ალკოში. სხვათა შორის, შპს „ვარციხის კონიაკის ქარხანა“ 2013 წლამდე სახელმწიფო კომპანია იყო; 2013 წლის დეკემბერში კი ის ელექტრონულ აუქციონზე 2,010,000 ლარად (საწყისი ფასი 1,340,000) „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ შეიძინა.
ჯამში, დუგლაძე 9 სხვადასხვა კომპანიის მფლობელი, ან დირექტორია. ძმებთან ერთად კი, რომლიდანაც ერთი – გიორგი დუგლაძე – ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” თავმჯდომარეა (აი, იმ სამინისტროსი, სახელმწიფო ქონებას რომ განაგებს), 16 კომპანიასთან არის დაკავშირებული.

ზაალ დუგლაძე – ყველა მმართველი პარტიის შემომწირველი

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რომ ზაალ დუგლაძე ერთნაირი მონდომებით აფინანსებდა წინა – “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებასაც და ახლანდელ “ქართულ ოცნებასაც”, რომლის სახელითაც ახლა ის წინას ებრძვის.

მაგალითად, 2012 წელს დუგლაძემ  “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 60,000 ლარი შესწირა. გაცილებით უფრო ხელგაშლილი აღმოჩნდა ის ახალი ხელისუფლების მიმართ – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ მოპოვებული მასალებით, მხოლოდ ზაალ დუგლაძემ და მისმა ძმებმა “ქართულ ოცნებას” მთლიანობაში 340,000 ლარი შესწირეს, ხოლო ბიზნესპარტნიორებთან ერთად, რომელთა შორისაც, როგორც გითხარით, ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილიც არის – 990,000 ლარი.

როცა პარტია სახელმწიფოსგან გაუმიჯნავია…

სად მთავრდება სახელმწიფო ინსტიტუტები და სად იწყება პარტია? – ეს ის კითხვაა, რომელსაც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ყველაზე აქტიურად სვამენ. ყველა ეს ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის არარსებობას ასახელებს.

ეს ზღვარი რომ მართლაც წაშლილია, ისიც ადასტურებს, რომ, დამკვიდრებული პრაქტიკით, ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბებს ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები – მერები ან საკრებულოს თავმჯდომარეები ხელმძღვანელობენ. ასე იყო ხაშურშიც, სადაც შტაბს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გურასპაშვილი ედგა სათავეში. ამიტომაც გადაწყვიტა დუგლაძემ, რომ პასუხი სწორედ მას მოსთხოვოს. პასუხის მოთხოვნის ყველაზე “სამართლიან” და მისაღებ ფორმად კი მერის პოსტიდან გადადგომას მიიჩნევს და სულაც არ ანაღვლებს ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებულ, გაპოლიტიკოსების მსურველ ბიზნესმენს, რომ ამ ქვეყანაში მერს პირდაპირი წესით ხალხი ირჩევს და არა – ივანიშვილი, გახარია, კობახიძე, კალაძე, ცქიტიშვილი, პარტაქტივი ან თავად დუგლაძე. ამიტომაც, ვისაც არ უნდა არ მოსწონდეს არჩეული მერი, ან ივარგებს ეს მერი თუ ვერა, მან თავისი ვადა უნდა დაასრულოს, შემდეგ კი ისევ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირი და არა – ძველმა თუ ახლად გამომცხვარმა პარტმუშაკებმა.

სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” არჩეული მერების “გადადგომაც” ერთგვარ ტრადიციად აქცია. სწორედ ამიტომ მოგვიწია ამ არჩევნებზეც 5 მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ამ ხუთი მუნიციპალიტეტის – ქუთაისის, კასპის, ონის, ხარაგაულისა და თერჯოლის მერები, წინამორბედების მსგავსად, მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადადგნენ, თუმცა, თითოეულ მათგანის გადადგომას, რეალურად, პარტიის კონკრეტულ მაღალჩინოსანთან დაპირისპირება ედო საფუძვლად. მანამდე, 2019 წელს, ასევე, რიგგარეშედ, 5 მერი ავირჩიეთ. მათგანაც მხოლოდ 2 მერი იყო კონკრეტულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულში მხილებული, დანარჩენები ისევ შიდაპარტიულ დაპირისპირებას შეეწირნენ. ამ შიდაპარტიულ დაპირისპირების ავანგარდში კი, როგორც წესი, სწორედ მაჟორიტარი დეპუტატები იდგნენ.

ალბათ, ისიც უნდა გავიხსენოთ, როგორ გადაურჩნენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მერები გადადგომას, სწორედ იმ მუნიციპალიტეტების მერები, სადაც სალომე ზურაბიშვილს ყველაზე დაბალი შედეგი ჰქონდა. ასეთები იყვნენ, მაგალითად, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. პირველმა, როგორც ჩანს, პარტიაში დალაგება მოახერხა და თანამდებობაც ასე შეინარჩუნა, მეორეს კი ორი წლის თავზე წასვლა მაინც მოუწია.

სად არის გამოსავალი?

ცხადია, დეცენტრალიზაციაში!

ამავე თემაზე წაიკითხეთ: ტრიალი წრეზე, ანუ რატომ არ გვაქვს სამართლიანი არჩევნები და კონკურენტული საარჩევნო გარემო

 

სწორედ ცენტრალიზებული მმართველობაა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე, ზოგადად, საზოგადოების გაკონტროლების მთავარი მექანიზმი – ცენტრალიზებული ფინანსები, ცენტრალიზებული ქონება, გაუმიჯნავი ან არასრულად გამიჯნული უფლებამოსილებები – ეს ისაა, რაც ცენტრს, ადგილებთან შედარებით, გაბატონებულ პოზიციაში ამყოფებს. ამიტომაც, როცა პოლიტიკურად გადამწყვეტი ვითარება იქმნება, ისეთი, როგორც არჩევნებია, ადგილობრივი ლიდერებიც (აღარ ვლაპარაკობთ საჯარო მოხელეებზე) ხშირად ცენტრალიზებულად მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების უპირობო აღმსრულებლებად გვევლინებიან და ღმერთმა არ ქნას, რაღაც ისე ვერ გააკეთონ, მათი კარიერა მყისიერად დადგება უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ მოცემულობაში კი, ვერც პოლიტიკური ცხოვრება, ვერც საზოგადოება და ვერც მთლიანად სახელმწიფო ვერ ვითარდება.