ირაკლი მელაშვილი
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში, ფაქტობრივად, მუდმივად იდგა სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრობლემა. უკვე მრავალი წელია, ყველა ხელისუფლების პირობებში ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანით უზრუნველყოს თანაბარი, კონკურენტული გარემო წინასაარჩევნო პერიოდში. სინამდვილეში კი პრობლემა ისაა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით, ან მხოლოდ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით ეს მიზანი ვერ მიიღწევა და ეს ყველაფერი სულ უფრო მეტად ემსგავსება ქარის წისქვილებთან ბრძოლას.
ცენტრალიზებული მმართველობა, როგორც საზოგადოების გაკონტოლების მთავარი მექანიზმი
მოდით, ამ კუთხით შევაფასოთ ქვეყანაში არსებული მმართველობის სისტემა.
ვნახოთ, რა სჭირდება ბიზნესმენს, სადაც არ უნდა აწარმოებდეს ბიზნესს – დედაქალაქში თუ სხვა ნებისმიერ მუნიციპალიტეტში და ამისთვის ვისთან უწევს ურთიერთობა? ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურებთან.
გლეხი, ფერმერი – როგორია მათი მდგომარეობა? იგივენაირი – ისინიც ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურებს არიან მიბმულნი.
განვაგრძოთ:
მასწავლებელი – დამოკიდებულია განათლების სამინისტროზე;
ლექტორი და სტუდენტი – განათლების სამინისტროს ვაუჩერულ დაფინანსებაზე;
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, შშმ პირი, პენსიონერი, სოციალურად დაუცველი – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ პროგრამებზე, დახმარებებზე და მის სოცმუშაკებზე;
კულტურის მუშაკი, რეჟისორი, მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი – კულტურის სამინისტროს პროგრამების, ფესტივალების დაფინანსება-დოტაციაზე, სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და პროექტებში მონაწილეობაზე;
ამ სქემებიდან ნათლად ჩანს, რომ, ფაქტობრივად, ნებისმიერი მსხვილი სოციალური ფენის წარმომადგენლის პროფესიული და პირადი წარმატება, რიგ შემთხვევაში კი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ცენტრალური მთავრობის თანამდებობის პირის, სამინისტროს ჩინოვნიკის ან/და ცენტრულური ხელისუფლების ამა თუ იმ უწყების მმართველი ორგანოების (მმართველი პირების) გადაწყვეტილებებზე, ანუ სერიოზულ კეთილგანწყობასა და მხარდაჭერაზე. ამას ემატება ფისკალური და ძალოვანი სტრუქტურების გავლენა და შესაძლებლოები.
სწორედ ეს ძალაუფლება და ადმინისტრაციული რესურსია ის იარაღი, რომელსაც ყველა ხელისუფლება იყენებს არჩევნებზე, რომელიც მას აძლევს უზარმაზარ ფორას ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებით, რა შეზღუდვებიც არ უნდა დავუწესოთ მთავრობას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით კუთხით, ამ ვითარების შეცვლა შეუძლებელია. ეს არის სისტემა, რომლის პირობებშიც მილიონობით ადამიანის კეთილდღეობა დამოკიდებულია მთავრობის, სახელისუფლებო უწყებების გაცემულ ხელფასებზე, დახმარებებზე, პროგრამებსა თუ პროექტებზე, კეთილგანწყობაზე და ა.შ. შესაბამისად, დასაქმებულს აქვს ქვეშეცნეული შიში, არ დაკარგოს სამუშაო, სოციალურად დაუცველს – არ დაკარგოს დახმარება, ბიზნესმენს – არ დაკარგოს კონტრაქტი, ფერმერს – არ ამოაგდონ პროგრამიდან, ხელოვანს თუ მომღერალს – არ დაუფინანსონ კონცერტი, სპექტაკლი, კინოგადაღება ან ღონისძიება, არ მიიწვიონ მასზე, სპორტსმენს თუ მწვრთნელს – არ მისცენ შეკრების ფული და ა.შ.
საარჩევნო კოდექსით, წინასაარჩევნო პერიოდში, ორი თვით შენ შეიძლება შეზღუდო ეს პროცესი, მაგრამ მანამდე და მის შემდეგაც ამ რესურსების განკარგვის ექსკლუზივი ისევ მხოლოდ მთავრობას გააჩნია. ის ყველანაირად იყენებს ამ მექანიზმს (ზოგჯერ შედარებით ცივილიზებული, მაგრამ, თუკი დასჭირდა, საკამოდ უხეში ფორმით) ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოსახდენად, განსაკუთრებით კი, რეგიონებში ავტორიტეტის, ფინანსური და ქონებრივი რესურსის მქონე ადამინების თავის მხარეზე დასაყენებლად.
სამწუხაროდ, 1995 წლიდან მოყოლებული, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას, უარი ეთქვა ქვეყნის მართვის საბჭოურ მეთოდზე და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის უსამართლო ბერკეტების ხელიდან გაშვებაზე. სწორედ ესაა მიზეზი, რომ სინამდვილეში ჩვენს არჩევნებში, შედეგის თვალსაზრისით, ერთი რამ არის საინტერესო – არის თუ არა ხელისუფლება იმდენად არაპოპულარული, ან ოპოზიცია იმდენად ძლიერი, რომ მმართველ პარტიას არ ეყოს ადმინისტრაციული რესურსი გასამარჯვებლად (მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები), ან თუ მისი პოპულარობა, ადმინისტრაციულ რესურსთან ერთად, საკმარისია შედეგის დასადებად (2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები). ოღონდ პირველ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია იმარჯვებს, არსებული სისტემის პირობებში უკვე ის ხდება ამ უზარმაზარი რესურსის განმკარგავი მონსტრი და ის იწყებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ამიტომაა, რომ სინამდვილეში მმართველი პარტიის დასახელების გარდა, არჩევნებიდან არჩევნებამდე სამართლიანობისა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების კუთხით დიდი არაფერი იცვლება და გარკვეული დროის შემდეგ ყველა ხელისუფლება ერთი და იგივე დანაშაულს ჩადის.
ცივილიზებულ სამყაროში ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილებები გადანაწილებულია ხელისუფლების დონეებს შორის – თვითმმართველობის პირველი და მეორე დონე, რეგიონი, ცენტრალური ხელისუფლება, რაც გამორიცხავს ქვეყანაში არსებული ფინანსური და ქონებრივი რესურსების, სხვადასხვა პროგრამების განკარგვას ადამიანთა ვიწრო ჯგუფის მიერ. შედეგად, მთავრობაში მყოფი პოლიტიკური ძალის ხელში ვერ ხერხდება ისეთი ძალაუფლების კონცენტრაცია, რომელიც მას საშუალებას მისცემს, მასობრივად მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. ამიტომ ითვლება დღევანდელ პოლიტიკურ თეორიაში დეცენტრალიზაცია და განვითარებული თვითმმართველობა, ცენტრალურ დონეზე წარმომადგენლობით, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად ძალაუფლების დანაწილებასთან ერთად, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრეს ნიშნად.
საქართველოს მაგალითი გვიჩვენებს, რომ დეცენტრალიზაციის, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლებისგან გათავისუფლების გარეშე, საუბარი დემოკრატიულ და კონკურენტუნარიან საარჩევნო გარემოზე უბრალოდ ილუზიაა.
30 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო, ნახევრად საპარლამენტო, ახლა უკვე საპარლამენტო მოდელი. ყველა ეს მოდელი თავისთავად საკმაოდ ცივილიზებული და გამართული სისტემაა, რომელიც წარმატებულად მუშაობს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ დემოკრატიული არჩევნები მუდმივად პრობლემად რჩება. იმიტომ, რომ ნებისმიერი მოდელის პირობებში, ცენტრალური ხელისუფლების ხელში არსებული ეს ჭარბი ძალაუფლება, გინდა პრეზიდენტს მიანიჭე, გინდა მთავრობას, გინდა პარლამენტს, სულ ერთია, სადაც იქნება ეს უფლებამოსილებები, იქ მივიღებთ ხელისუფლების უზურპაციის, არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და მოქალქეების ნებით მანიპულირების საფრთხეს. ამ პრობლემას საარჩევნო კოდექსში ვერანაირი ცვლილებით ვერ მოვაგვარებთ.
ამის წამალი მმართველობის და, შესაბამისად, ერთ ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების დეცენტრალიზაციაა.
წლებია, ხელისუფლების გარკვეული ნაწილი (უფრო მეტად კი, ძალოვანი უწყებები) ყოველთვის ახერხებდა, საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა ქართულ საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიში დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ (ხშირ შემთხვევაში კი თავად ოსტატურად აღვივებდა ამ შიშებს), რათა ხელიდან არ გაეშვა საზოგადოების მართვის მთავარი ბერკეტი – ცენტრალურ ხელისუფლებაში საჯარო ფინანსებისა და ქონების სრული კონცენტრაცია. საზოგადოების კონტროლისა და მართვის ეს ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან შემორჩენილი სტილი არ გვაძლევს განვითარების საშულებას (მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც, ოღონდ ეს ამ წერილის საგანი არ არის). სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრისა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არსამთვრობო ორგანიზაციების ნაწილისთვისაც, ქვეყანაში არსებული არასამართლიანი საარჩევნო გარემოს ამ კუთხით დანახვა და კრიტიკულად გაანალიზება კვლავ არააქტუალურ საკითხად რჩება, რისი დამადასტურებელიცაა დეცენტრალიზაციის ახალ სამთავრობო სტრატეგიაზე მუშაობისას მათი აბსოლუტურად პასიური როლი. პარტიების ნაწილს კი აქვთ სურვილი და იმედი, მობრუნდნენ თუ მოვიდნენ ხელისუფლებაში და თავად დაეუფლონ არსებული სისტემით არსებულ ყველა სახელისუფლებო ბერკეტს, რის გამოც სამართლიანი არჩევნების ჩატარების ოცნება კიდევ კარგა ხნით გადაიდება.