ვის, რატომ და როგორ ვირჩევთ 31 ოქტომბრის არჩევნებზე?

1606

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება – ამ დღეს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მეათედ ავირჩევთ საქართველოს პარლამენტს. რამდენიმე საათში საარჩევნო უბნები გაიხსნება და საარჩევნო მარათონიც კულმინაციას მიაღწევს. თუმცა, ამ დღეს ამომრჩეველთა ნაწილი მხოლოდ პარლამენტის დეპუტატებს არ ვირჩევთ. მოდით, ვნახოთ, ვის, რატომ და როგორ ვირჩევთ 31 ოქტომბრის არჩევნებზე და რითი განსხვავდება ეს არჩევნები წინა არჩევნებისგან.

რითი განსხვავდება ეს არჩევნები წინა საპარლამენტო არჩევნებისგან?

ეს არჩევნები მართლაც გამორჩეულია, ვინაიდან, 1990 წლის შემდეგ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ბოლოა, როცა, პროპორციულთან ერთად, მაჟორიტარ დეპუტატებსაც ავირჩევთ. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, 2024 წლიდან საქართველოს პარლამეტი მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევა.

თუმცა, რას ვაკეთებთ ხვალ? ვის და როგორ ვირჩევთ?

ხვალ ჩვენ უნდა ავირჩიოთ პარლამენტის 120 წევრი – პროპორციული სისტემით, ანუ ამომრჩეველი ხმას მისცემს სასურველი პარტიის (პარტიების ბლოკის) ერთ სიას, ხოლო 30 წევრი – სპეციალურად ამ არჩევნებისთვის შექმნილ 30 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც  ამომრჩეველი აირჩევს პარტიების (პარტიების ბლოკების) ან საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ ერთ კანდიდატს.

რა შემთხვევაში მოხვდება ჩვენი რჩეული პოლიტიკური პარტია ან მაჟორიტარი კანდიდატი პარლამენტში?

თუ, მაგალითად, წინა საპარლამენტო არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდებოდა, ამ არჩევნებზე იმისათვის, რომ პროპორციული სისტემით პარტია (საარჩევნო ბლოკი) პარლამენტში მოხვდეს, აუცილებელია, მან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 1% დააგროვოს.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველებს, იმისათვის, რომ მაჟორიტარული ოლქიდან დეპუტატობის კანდიდატი მოხვდეს პარლამენტში, მან საკუთარ საარჩევნო ოლქში უნდა დააგროვოს ამ ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი.

რა შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური?

თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო, პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს.

მეორე ტურში, კანონმდებლობის თანახმად, მონაწილეობას მიიღებს ის 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს, მაგრამ, თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან პირველი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მონაწილეობს.

რამდენი საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში?

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არჩევნის გაკეთება 50 საარჩევნო სუბიექტიდან მოგვიწევს, ანუ ხვალ საარჩევნო უბანზე მისულებს, კვლავ უგრძელესი საარჩევნო ბიულეტენი დაგვხვდება. მათგან ბევრი ჩვენთვის კარგად ნაცნობი და ძველი პარტიაა, ზოგი იმდენად ძველიც კი, რომ მათ არსებობას 4 წელში ერთხელ სწორედ ეს საარჩევნო ბიულეტენიღა გვახსენებს, თუმცა, არიან ახალი პარტიებიც, რომლებიც წელს პირველად ცდიან საკუთარ თავს პოლიტიკურ მარათონში.

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ეს არჩევნები, სავარაუდოდ, მკვეთრად ორპოლუსიანი აღარ იქნება – საარჩევნო სუბიექტების მრავალფეროვნება ჩვენ, ამომრჩევლებს, შესაძლებლობას გვაძლევს, მათ შორის ჩვენთვის სასურველი, ან მეტ-ნაკლებად მისაღები პარტია შევარჩიოთ, მათ შორის, არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკოსისადმი ჩვენი სიმპატიის, არამედ მათი საარჩევნო პროგრამების მიხედვით.

რამდენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია 31 ოქტომბრის არჩევნებზე დარეგისტრირებული?

როგორც უკვე გითხარით, ხვალ, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, 75 მაჟორიტარის ნაცვლად, 30 მაჟორიტარ დეპუტატს ავირჩევთ, ისიც – მხოლოდ 4 წლით, შემდეგ კი მაჟორიტარული სისტემა საქართველოს საარჩევნო ისტორიას ჩაბარდება.

ჯამში, 30-ვე ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის 490 კანდიდატია დარეგისტრირებული. ამ 490 კანდიდატიდან მხოლოდ 10 კანდიდატია საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი, დანარჩენი 480 კანდიდატი პარტიებმა წარადგინეს. პარლამენტში მოსახვედრად კი 105 ქალი კანდიდატი იბრძვის.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან ყველაზე მეტი – 24 კანდიდატი საბურთალოს საარჩევნო ოლქშია, ყველაზე ცოტა – 9 კანდიდატი კი ორ ოლქს ჰყავს: ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქსა და – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის საარჩევნო ოლქს.

საარჩევნო ოლქებში კანდიდატთა რაოდენობა ასე ნაწილდება:

№1 – მთაწმინდისა და კრწანისის საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 17 კანდიდატია რეგისტრირებული;

№2 – ვაკის საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 23 კანდიდატია რეგისტრირებული;

№3 – საბურთალოს საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 24 კანდიდატია რეგისტრირებული;

№4 – ისნი საარჩევნო ოლქი –  ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 16 კანდიდატია რეგისტრირებული;

№5 – სამგორი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 17 კანდიდატია რეგისტრირებული;

№6 – დიდუბისა და ჩუღურეთი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 20 კანდიდატია რეგისტრირებული;

№7 – ნაძალადევი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 18 კანდიდატია რეგისტრირებული;

№8 – გლდანი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 17 კანდიდატია რეგისტრირებული;

№9 – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 19 კანდიდატია რეგისტრირებული;

№10 – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 17 კანდიდატია რეგისტრირებული;

№11 – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული;

№12 – რუსთავისდა გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულებ) საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 19 კანდიდატია რეგისტრირებული;

№13 – მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 14 კანდიდატია რეგისტრირებული;

№14 – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 13 კანდიდატია რეგისტრირებული;

N15 – კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 13 კანდიდატია რეგისტრირებული;

N16 – ხაშურის, ქარელისდა გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულებ) საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 17 კანდიდატია რეგისტრირებული;

N17 – ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 14 კანდიდატია რეგისტრირებული;

N18 – ახალქალაქისა და ნინოწმინდი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 9 კანდიდატია რეგისტრირებული;

N19 – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 9 კანდიდატია რეგისტრირებული;

N20 – საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაული საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 11 კანდიდატია რეგისტრირებული;

N21 – ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 19 კანდიდატია რეგისტრირებული;

N22 – სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული;

N23 – ქუთაისი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 22 კანდიდატია რეგისტრირებული;

N24 – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაური საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 14 კანდიდატია რეგისტრირებული;

N25 – წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 11 კანდიდატია რეგისტრირებული;

N26 – ფოთის, ხობისა და სენაკი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 16 კანდიდატია რეგისტრირებული;

N27 – ზუგდიდი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული;

N28 – ბათუმი საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 21 კანდიდატია რეგისტრირებული;

N29 – ქობულეთის და ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულ) საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 16 კანდიდატია რეგისტრირებული;

N30 – ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) ქედის, შუახევისა და ხულოს საარჩევნო ოლქი – ამ ოლქში 31 ოქტომბრისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის 19 კანდიდატია რეგისტრირებული;

კიდევ ვის ვირჩევთ 31 ოქტომბრის არჩევნებზე?

არ გაგიკვირდეთ, თუ საარჩევნო უბანზე მისულს, პარლამენტის არჩევნების პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო ბიულეტენის გარდა, სხვა ბიულეტენებიც დაგხვდეთ. ამ დღეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება, აჭარაში კი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.

რატომ და სად ვირჩევთ მერებს ახლა?

ეს იმიტომ, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირდაპირი წესით არჩეული მერები მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გადადგნენ. ზოგმა თქვა, დავიღალე და მივდივარო, ზოგმაც – მაიძულესო, ზოგმა – მეცნიერებაში მირჩევნია ყოფნაო, ზოგმა კი, საერთოდაც არაფერი თქვა. ამიტომაც, 31 ოქტომბერს 5 მუნიციპალიტეტის – კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მოსახლეობა თავისი მუნიციპალიტეტის მერებს 1 წლით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, აირჩევს.

კასპის მუნიციპალიტეტში თუ ცხოვრობთ, არჩევანი მერობის 5 კანდიდატს შორის მოგიწევთ. ესენი არიან: გიორგი ხელაშვილი „ევროპული საქართველოდან“, ნუგზარ ნონიაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ილია კიტრიაშვილი „პატრიოტთა ალიანსიდან“, ოთარ ქოსაშვილი „ლეიბორისტული პარტიიდან“ და ვახტანგ მაისურაძე „ქართული ოცნებიდან“.

ონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა მერი ოთხი კანდიდატიდან უნდა აირჩიოთ. ესენი არიან: ჯონი გობეჯიშვილი „ევროპული საქართველოდან“, ნოდარ ბურდილაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თამაზ მეტრეველი „პატრიოტთა ალიანსიდან“ და დავით ჩიკვაიძე „ქართული ოცნებიდან“.

ხარაგაულელებს მუნიციპალიტეტის მერობის ხუთი კანდიდატი გყავთ. ესენი არიან: ბესიკ ყრუაშვილი „ევროპული საქართველოდან“, თორნიკე ავალიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თეიმურაზ ფცქიალაძე „პატრიოტთა ალიანსიდან“, კობა ლურსმანაშვილი „ქართული ოცნებიდან“ და მიხეილ ჭიპაშვილი „ლელოდან“.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: როლანდ მესხი „ევროპული საქართველოდან“, ვალერი ბოჭორიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ლაშა გოგიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ და ნიკა მემანიშვილი „ლელოდან“.

რაც შეეხება ქუთაისს, აქ მცხოვრებლებმა არჩევანი 8 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოთ. ესენი არიან: ამირან ძოწენიძე „ევროპული საქართველოდან“, კახაბერ ჩახუნაშვილი „ტრიბუნა-ქდმ“-ს ბლოკიდან, გრიგოლ შუშანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ირაკლი კიკვაძე „ლეიბორისტული პარტიიდან“, გაგა გოგრიჭიანი „თავისუფალი საქართველოდან“, ანდრო ლოსაბერიძე „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, ირმა პეტრიაშვილი პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისათვის“ და იოსებ ხახალეიშვილი „ქართული ოცნებიდან“.

სად ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნები?

საკრებულოს შუალედური არჩევნებში მონაწილეობა თბილისში – N4/07 მაჟორიტარულ ოლქში,  თელავში – 17/07 მაჟორიტარულ ოლქში, თეთრიწყაროში – 26/02 მაჟორიტარულ ოლქსა და ონში – 43/ 16 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მოგიწევთ.

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა საარჩევნო ხმის უფლება?

იცოდეთ! საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა, ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც, სასამართლოს განაჩენით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.

მაშ ასე, საარჩევნო მარათონი ფინიშს უახლოვდება. წარმატებულ და კეთილგონიერ არჩევანს გისურვებთ!