„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღნიშნული განცხადება პარტიის ლიდერებმა ბრიფინგზე გააკეთეს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი მოთხოვნაა „ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში“.
„მას შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ ვიხილეთ, რომ 31 ოქტომბერს ქვეყანაში არ ჩატარდა არჩევნები, არ იყო ნიშან-წყალიც კი ჩატარებული არჩევნებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას“ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების მსგავსად გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ შევალთ იქ, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. ეს არ არის პარლამენტი და ვერ იქნება პარლამენტი, შესაბამისად არავის იქ არაფერი არ გვესაქმება. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი – ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში და ეს ყველაფერი იქნება მიღწეული უახლოეს პერიოდში. „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა ნებაცაა საზოგადოებაში და არ ვიღებთ ბიძინას თამაშის წესებს. მას მოუწევს უახლოეს დღეებში დაჰყვეს ხალხის ნებას და ხალხის ნება აღსრულდეს ახალი არჩევნების ჩატარების სახით, რომელიც დარწმუნებული ვარ, როგორც არასოდეს, ეს ისტორიული, უპრეცენდენტო ერთობა აიძულებს მას, ქვეყანას ჰქონდეს თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა მელიამ.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტია ლელომ. მათი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, რომ საქართველოში ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები.
ახალი, მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა პარტია “გირჩმაც“.
დღესვე პარტია ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1 ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა.
ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.