მომავალ კვირას, 8 ნოემბერს, საერთო ოპოზიციური აქცია დაიგეგმა

517

მომავალ კვირას, 8 ნოემბერს გაიმართება დიდი საერთო ოპოზიციური აქცია. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. აქცია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააანონსა.

“მომავალ კვირას 3 საათზე მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს აქ. მანამდე ყველამ, ყოველდღიურად, პატარ-პატარა შეკრებები, საშუალო ზომის შეკრებები, მაქსიმალური მობილიზება გვინდა. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი საერთო ეროვნული ენერგია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, პარტიები, ისევე, როგორც ამ პარტიების ინდივიდები, ვინც გავიდნენ, ნაწილი მზადაა, არ შევიდეს პარლამენტში.

“პარტიებმა ზოგადად, ამ საკითხზე ერთი დღე აიღეს შიდა კონსულტაციებისთვი”, – თქვა გიგი უგულავამ.

ამ დროისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უბნების 96.85% აქვს დათვლილი. ცესკოს მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 27,07%, ხოლო ევროპულმა საქართველომ – 3,79%.

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს.