ზუგდიდის საოლქო: ოქმებში იყო ტექნიკური ხარვეზი და არა სუბიექტთან დაკავშირებული ცდომილება

367

ზუგდიდის საოლქო კომისის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, ოქმებში არ ყოფილა საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებული უზუსტობები, იყო ტექნიკური შეცდომები, რომელიც გასწორდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

“არანაირი კანონი არ დარღვეულა, კენჭისყრის დღის არაუგვიანეს მომდევნო დღისა, კომისიას აქვს უფლება, რომ თუ ფიქსირდება ხარვეზი, დაურთოს შესწორების ოქმი, ვინაიდან მათი ბეჭედი დალუქულია, ეს არის კომისიური გადაწყვეტილება, მათი ახსნა -განმარტებების საფუძველზე, რომელიც ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში იკვლევა ფაქტობრივი გარემოებები სხვა სამართლებრივი საფუძვლები თუ არ არსებობს, დაურთოს შესწორების ოქმი და მოწმდება საოლქო საარჩვენო კომისის ბეჭდით. ყველაფერი ასახულია, თან ერთვის დედნებს შეგიძლიათ იხილოთ”, – განაცხადა მირანდა მესხმა.

მან ასევე უპასუხა კომისიის წევრის “ევროპული საქართველოდან” ბესიკ დონაძის განცხადებას, რომ ოქმებში, ოპოზიციის მონაცემი არასწორად არის ჩაწერილი.

“გასწორდა მხოლოდ მიღებული ბიულეტენების რაოდენობა. ზოგიერთს გამორჩენილი ჰქონდა, მიღებული ბიულეტენების რაოდენობა, ეს მიღება-ჩაბარების ოქმში დაფიქსირებულია, სარეგისტრაციო ჟურნალში გატარებულია.

მაგალითად 1062 ამომრჩეველი ფიქსირდება ერთიან სიაში, 1062 იყო გადმოტანილი, ეს კონვერტების რაოდენობა იყო და არა ბიულეტენების, რაც ტექნიკური ხარვეზი იყო.

ასევე გასწორდა მე-4 გრაფა შემჯამებელ ოქმში, მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა, როცა რომელიმე ამომრჩევლმა ვერ მიიღო მაჟორიტარული ბიულეტენი, ესეც ტექნიკური ხარვეზი იყო. არანაირ სუბიექტთან დაკავშირებით არცერთ უბანს ცდომილება არ ჰქონია და ის გავლენას ვერ იქონიებს კენჭისყრის შედეგებზე”, – განაცხადა მირანდა მესხმა.

გუშინ, საოლქო საარჩევნო კომისია იბარებდა საუბნო საარჩევნო კომისიებს, ოქმების შესასწორებლად . “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ გვითხრა, რომ არის რამდენიმე ოქმი, სადაც ოპოზიციის მონაცემი არასწორად არის ჩაწერილი. უნდა ყოფილიყო მეტი და დაიწერა ნაკლები. შესაბამისად, მოხდა რამდენიმე ოქმების შესწორება.

ოქმების შესწორების პროცესს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაასწრეს. ისინი შენობაში არ შეუშვეს.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, “ეს იყო, ფორმატი, რომელიც არ ითვალისწინებდა დაკვირვებას”.