პირველ ტურს არ ვაღიარებთ, ამიტომ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას აზრი არა აქვს. თვითონ არ ვაპირებ, თუმცა გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას გამარჯვება მოპარა და მეორე ტურში მონაწილეობის მიღება პირველი ტურის შედეგების აღიარებას ნიშნავს.
„ივანიშვილმა ეს არჩევნები გააყალბა ყველა დონეზე. გაყალბება მან დაიწყო დიდი ხნით ადრე, 31 ოქტომბრამდე. მათ მოისყიდეს ადამიანები, გამოიყენეს ადმინისტრაციული რესურსი, დააშინეს ადამიანები. დაშინებაში მონაწილეობდნენ როგორც კრიმინალები, ასევე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, ეს არჩევნები მანამდე უკვე გაყალბებული იყო, ახალა გაყალბება მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციის დონეზე.
ივანიშვილი ჩვენ გვარწმუნებს, რომ მან მოიგო არჩევნები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მან მოპარა გამარჯვება ოპოზიციას, ამიტომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ შედეგებს. ხელახალი გადათვლა არ მოგვცემს შედეგს. პირველ ტურს არ ვაღიარებთ, ამიტომ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას აზრი არა აქვს. თვითონ არ ვაპირებ, თუმცა გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს“, – განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.