შეხვედრაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად სამოქმედო გეგმას გავივლით იმისთვის, რომ დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, მოსყიდვა და ძალადობა საარჩევნო პროცესის თანმდევი იყო.
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ამგვარი არჩევნების აღიარება და მისთვის ლეგიტიმურობის მიცემა სრულიად გაუმართლებელია.
„არჩევნები გაყალბდა. სწორედ იმიტომ, რომ მიმდინარეობდა შედეგების გაყალბება და ყალბი რიცხვები შეიყვანა ოქმებში, ამან გააჭიანურა შედეგების გამოცხადება. დღეს მოვუწოდეთ ჩვენს წევრებს, რომ ხელი არ მოაწერონ არცერთ შესწორებულ ოქმს, რომლებიც გაყალბებულია და ხვალიდან გამოვიწვევთ მათ კომისიებიდან. იმდენად დიდი იყო გაყალბების მარჟა, რომ ბიულეტენებზე ბალანსი ვერ დასვეს და დღეს მასიურად დაიბარეს კომისიის წევრები, რომ ახალ ოქმებზე მოეწერათ ხელი და ამით შედეგები გაემართლებინათ, რომელიც ციდანაა მოტანილი. ყველამ კარგად იცის, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციამ. ამაზე სანდო ეგზიტპოლები მეტყველებს“,-აღნიშნა ბოკუჩავამ.