მარნეულის მე-18 საარჩევნო უბნიდან დაკარგული შემაჯამებელი ოქმი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ანა ილურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ის განმარტავს, ოქმი მას შემდეგ იპოვეს, რაც საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ. თუმცა, თუ სად იპოვეს ოქმი, ეს ილურიძისთვის უცნობია.
„პოლიციამ აწარმოა მოკვლევა, დამიკავშირდნენ, ეს ოქმი იპოვეს, შესაბამის დოკუმენტაციას გავაფორმებთ, მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს. თუ სად იყო ოქმი, ეს ჩემთვის არ არის ცნობილი და არც მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ ოქმი სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ იპოვეს და ადამიანების ხმები არ დაიკარგა. საარჩევნო ადმინისტრაცია ჩვენს ფუნქციას შევასრულებთ და ვიმსჯელებთ იმ კომისიის და პირველ რიგში თავმჯდომარის პასუხისმგებლობაზე, რომელმაც ჯეროვნად ვერ შეასრულა თავისი სამუშაო“,- განაცხადა ილურიძემ.