მეორე ტურისთვის მზადებას ჩვენ დღეიდან ვიწყებთ, – ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, ირაკლი ჩიქოვანი მეორე ტურში ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს.
„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველ ტურში დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა, თუმცა ეს მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამარჯვება პირველივე ტურში გაგვეფორმებინა, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ. ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის სახით ზუგდიდელებს ეყოლებათ ძალიან ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად ოპოზიციის შეთანხმებული პოზიციისა, მეორე ტურში გამარჯვების გაფორმების მხრივ ჩვენ უფრო მეტი შანსები გვაქვს, ვიდრე გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციას. ასე რომ, მეორე ტურში ჩვენ ღირსეულ გამარჯვებას აუცილებლად გავიფორმებთ“, – განაცხადა გეგა შენგელიამ.