“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ანა წითლიძის მტკიცებით, ზუგდიდის რამდენიმე უბანზე, ე.წ. კარუსელებია. წითლიძის თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ყველგან უპირატესობა აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას. ამიტომ ცდილობენ შეცვალონ ზუგდიდელების და ქართველი ხალხის ნება კარუსელებით. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მანვე აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლება არის დასრულებული. არავის მისცემენ შესაძლებლობას, ერთი ზედმეტი ბიულეტენიც კი ჩააგდოს საარჩევნო ყუთში. წითლიძისვე ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი ჰყავთ მობილიზებული მთელი ზუგდიდის მასშტაბით. დავალება აქვთ შემდეგ – ხუთი ხმაც რომ იყოს, შევიდნენ უბნებზე და ჩააგდონ.
“ჩვენ დილით როცა ვთქვით, რომ არის დაორგანიზებული ჯგუფი კარუსელებისთვის, მათ დაიწყეს მოძრაობა. აქვთ დავალება რამდენიმე სოფელში, მათ შორის ახალსოფლის და ძველაბასთუმნის უბნებში შევიდნენ და დაატრიალონ კარუსელი. დიმა ძიმცეიშვილი ხელმძღვანელობს აქ ამ ყველაფერს. დავაფიქსირეთ რუხში, ფაიფურის 21-ე უბანზე. ეს სოფლები უნდა ყოფილიყო მათი შემდგომი ლოკაცია”, – განმარტა ანა წითლიძემ.
თავის მხრივ, მასთან დაპირისპირებულმა პირებმა, რომლებიც არ გაეცნენ ჟურნალისტებს, თქვეს, რომ სინამდვილეში სწორედ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს არჩევნები წაგებული და ახლა პროვოკაციას ცდილობენ. მათივე მტკიცებით, უცხო პირი არავინ შესულა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად.
“მედია არასწორად აშუქებს მოვლენებს. რა კარუსელებზეა საუბარი? აქ ნაცების ხალხი კარუსელებს დათმობს, ან ესენი? არანაირი დარღვევა არ ყოფილა”, – უთხრა “ლაივპრესს” ქალმა, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა.