მელია: განგებ არ გავდივარ შტაბიდან, რომ პროვოკაციაში არ დაგვდოთ ბრალი – უკვე მოგებულია არჩევნები!

324

წინა სტატია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და გლდანში ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია, გლდანის საარჩევნო უბანთან არსებულ დაძაბულ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებს აგებს და ამიტომ კრიმინალების მობილიზება მოახდინა.

მელიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, გამოცხადდნენ გლდანის ცენტრალურ შტაბთან, რომ ხმები დაიცვან.

„არ იგრძნობა კიდევ ის დაძაბულობა, რომელიც არის გლდანის რაიონში და რომლის სულის ჩამდგმელი არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად. უკანასკნელი მონაცემებით, გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი. იციან მათ არანაკლები უკეთ, ვიდრე მე და ჩემმა შტაბმა და აქედან გამომდინარე, ხედავთ რას აწყობენ, მობილიზაციაა ყველა კრიმინალის, იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ 84-ე საარჩევნო უბანთან. ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც არის კახა კალაძის ბავშვობის მეგობარი, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს.

ამ დროს პოლიცია მივიდა და ჩვენი ოფიციალური დამკვირვებელი ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს. არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი აქამდე. წაგებული გაქვთ ეს არჩევნები დიდი სხვაობით და როგორც ვატყობ, არამხოლოდ გლდანის რაიონში. ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს მივმართავ, ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე, ჩვენ ხმებს ვიცავთ და დავიცავთ. არ გაგაყალბებინებთ, საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები და საარჩევნო უბნები არ დაარბიოთ და ამ მასკარადს აწყობთ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. მივმართავ მხარდამჭერებს, ამ ქვეყნის მხარდამჭერებს და არამხოლოდ ოპოზიციის, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება. უმორჩილესად გთხოვთ, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა რამდენიმე საათში გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები. განგებ არ გავდივარ საარჩევნო შტაბიდან, იმიტომ, რომ პროვოკაციაში როგორც თქვენ გჩვევიათ, არ დაგვდოთ ბრალი და თქვენ ძალადობთ და ეს ყველაფერი აღბეჭდილია ვიდეკადრებზე.

ეს არჩევნები მოგებულია, მას არ მოვაპარინებთ ივანიშვილს, შეიარაღებულ კრიმინალს, ქურდს, ყაჩაღს და მასთან შეკრულ ხელისუფლებას. არცერთი მომრჩეველი რომ არ მივიდეს, იმდენად დიდია სხვაობა, უკვე მოგებულია არჩევნები“, – განაცხადა მელიამ.

გლდანში საარჩევნო უბნებთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. უბნებთან მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები. 79-ე უბანთან პუბლიკასა და ტვ პირველის ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაპირისპირებაში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ, თუმცა, აქტივისტები მათაც დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა პოლიციელს წყალიც შეასხა. ისინი ასევე ხელს უშლიდნენ პოლიციელებს სავარაუდო სამართალდამრღვევების დაკავებაში.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ამჟამად 5 ადამიანია დაკავებული.