„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრი, ზვიად კუპრავას განცხადებით, დიდ-დიღომში, მე-40 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
„ქართული ოცნებიდან“ უბნის ხელმძღვანელია ვინმე ილო, მან მიაყენა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ბექას სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავის უფლებამოსილების განხორციელებაში უშლიდა ხელს. მან დაგვირეკა ჩვენ, მობილური ჯგუფი, მივედით ადგილზე და როცა ილოს ამ თემაზე ვესაუბრებოდით და ვეკითხებოდით, მან დაუძახა ზონდერ ბრიგადას, მოჭიდავე კახა ხაჩიძეს, მან აგრესიულად ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დამკვირვებელს და მათ შორის მეც“, – განაცხადა კუპრავამ.
კუპრავას თქმით, ის გამოკითხვაზე შსს-შია დაბარებული.
განცხადება გაავრცელა შს სამინისტრომაც. მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 10:00 საათის მდგომარეობით, მცირე ინციდენტები იყო, თუმცა, რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.
„ერთადერთი საქმე, რაზეც გამოძიება დავიწყეთ არის ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ინიციატორი თავად ზვიად კუპრავაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დავიწყეთ, რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.