შსს: არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და სერიოზულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია

332

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ მან შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შსს-ში ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ, ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო. შსს აქტიურად თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები. შსს არჩევნების საკითხის მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე საზოგადოების ინფორმირებას პროაქტიკულად მოახდენს“, – განაცხადა შს მოადგილემ.

მისივე თქმით, 10:00 საათის მდგომარეობით, მცირე ინციდენტები იყო, თუმცა, რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.

„ერთადერთი საქმე, რაზეც გამოძიება დავიწყეთ არის ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ინიციატორი თავად ზვიად კუპრავაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დავიწყეთ, რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.