ზუგდიდში საფუძველი ჩაეყარა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას. ინფორმაციას ოდიში ნიუსი ავრცელებს.
ღონისძიებას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი დავით ფარცვანია, უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ამ ეტაპზე პროფესიული სწავლება უნივერსიტეტის არსებულ კორპუსში მიმდინარეობს, პროფესიული განათლებისთვის ცალკე შენობის არსებობა კი მეტ აუდიტორიას და, შესაბამისად, მეტი პროფესიული მიმართულების სწავლებას ნიშნავს. პროფესიული კოლეჯისთვის ორ სართულიანი თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტის შენობა აშენდება. სასწავლო აუდიტორიები გათვალისწინებული იქნება, საშუალოდ, 10-15 სტუდენტზე, ჯამში კი, პროფესიულ სასწავლებელში 250 სტუდენტი შეძლებს განათლების მიღებას.
პირველ სართულზე განთავსებული იქნება სასწავლო, ხოლო მეორე სართულზე რეკრეაციული სივრცე , რეპორტიორობის – ჟურნალისტიკის პროგრამები, ბუღალტერული აღრიცხვა, საფინანსო სერვისები, საოფისე საქმის სასწავლო პროგრამა და სამასწავლებლო. საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში, ასევე, ნაწილობრივ, – კერძო კოლეჯებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე. პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალი და მზარდია.