კახა ოქრიაშვილი ფულის დარიგებაზე: აგიტატორების ხელფასს საარჩევნო ბლოკის ფონდი გასცემს და ამასთან კავშირი მე პირადად არ მაქვს

574

წინა სტატია

რას ბრძანებს ბატონი ირაკლი, რომ მე, კახა ოქრიაშვილს მაქვს საშუალება, რომ ეს გავაკეთო და ბიძინა ივანიშვილის პარტიას არ აქვს საშუალება, რომ ეს გააკეთოს? ვერ გავიგე, ლოგიკა არ არის, – ასე გამოეხმაურა დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშილი ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოქრიაშვილი ბოლნისში ფულს არიგებს.

როგორც ოქრიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, აგიტატორების ხელფასს საარჩევნო ბლოკის ფონდი გასცემს და მას აღნიშნულთან კავშირი არ აქვს.

„ტელევიზიებმა დააფიქსირეს ადამიანების რიგები „ქართული ოცნების“ შტაბთან, ფურცლებით, რაზეც ნომრები ეწერა. რამდენიმე დღე იქ გაიცემოდა ხელფასი თუ რა, არ ვიცი. ამაზე გაკეთდა რეპორტაჟი და ამას მოჰყვა ირაკლი კობახიძის რეაქცია, რომ მე ვარიგებ იქ ფულს და ეგენი არა. ჩვენც ბევრი აგიტატორი გვყავს, ხელფასს გავცემთ და ამითაა დაკავებული საარჩევნო ბლოკის ფონდი. მე არანაირი კავშირი არ მაქვს ამ პროცესთან“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ კახა ოქრიაშვილმა მინი ბანდა შექმნა, ოქრიაშვილი აცხადებს, რომ კობახიძისთვის ყველა სხვა პარტია რადიკალური ბანდაა.

„პირველი ის არის, რომ მე „ნაცმოძრაობაში“ არ შევსულვარ. მე და ჩემმა მეგობრებმა დავაფუძნეთ პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ და ალბათ, ეს „პროგრესი და თავისუფლება“, რადგან არ ვართ „ოცნებაში“, ვართ მინი ბანდა, ანუ მინი პარტია. „ბატონი კობახიძისთვის ყველა სხვა პარტია ალბათ, არის რადიკალური ბანდა, რადიკალური ოპოზიცია“,- განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც „ქართულ ოცნებას“ დაპირისპირება უწევს „დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი“. გარდა ამისა, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კახა ოქრიაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ შევიდა, მინი ბანდა შექმნა – მანამდე მას მინი ბანდა არ ჰყავდა“.