ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოქრიაშვილს თავისი აგიტატორებისთვის გადახდილი თანხები დეკლარირებული არ აქვს.
„ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი. იგივე ხდება მცხეთა-მთიანეთში და კიდევ რამდენიმე სხვა ოლქში. ძალიან დიდ ფულს არიგებს კახა ოქრიაშვილი, მაგალითად, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რამდენი ხელფასიანი აგიტატორი ჰყავთ და რამდენს უხდის ორი თვის განმავლობაში ამ აგიტატორებს, თუმცა ეს თანხები დეკლარირებული არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ბრალდებებს, რომ ბოლნისში, „ქართული ოცნების“ შტაბში ადგილობრივებს თანხებს უხდიდნენ, კობახიძე ამბობს, რომ პარტიის მისამართით მუდმივად არის ასეთი ბრალდებები, რაც კონკრეტული ფაქტიებით არ დასტურდება.
„თეორიულად არ გამოვრიცხავთ, რომ იქ, შტაბში ვიღაცა ვიღაცას რაღაცას აძლევდეს. გვითხარით სახელი, გვარი, ვინ რა გააკეთა, გვექნება რეაგირება. მუდმივად გვესმის ასეთი ბრალდებები და არავინ არ გვეუბნება კონკრეტულ ფაქტებს, ასეთ შემთხვევაში რეაგირება არ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „არჩევნების გაყალბება არის ის პრაქტიკა, რომელიც წარსულს ჩაბარდა“.