“ოცნების” კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი: სრული აბსურდია, არავინ დამიპატიჟებია რესტორანში

559

წინა სტატია

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში, ანტონ ობოლაშვილი „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას რესტორანში ბორჯომელი პედაგოგები არ დაუპატიჟებია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

სტატია, ვიდეო მასალებით, იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ახალციხეში, რესტორან „ემიგრანტში“ პედაგოგები დაპატიჟა, „სამხრეთის კარიბჭემ“ გუშინ, 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

დღეს, 29 ოქტომბერს, ანტონ ობოლაშვილი რედაქციას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები ტყუილია: „სამხრეთის კარიბჭეს“ ხელთ არსებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი, არავინ მიმიწვევია და არ ვარ ვალდებული რესტორანში რომ შევალ, ვეძებო იქ ვინ ზის, რომელ კუპეში და რომ ნაცნობი სახე არ დავინახო. ასე გინდათ დემოკრატია აშენოთ? ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯები“, – განაცხადა დეპუტატმა.

ობოლაშვილი ირწმუნება, რომ არ იცოდა თუ ბორჯომელი პედაგოგებიც იმავე რესტორანში იმყოფებოდნენ: „არ ვიყავი მათთან ერთად. ასპინძის პედაგოგებს ვაწყენინებდი? ადიგენისას ვაწყენინებდი და ახალციხისას? ყველას დავპატიჟებდი. ელემენტარული ლოგიკა ხომ არის? იქით ისინიც იყვნენ, ოპოზიციური კანდიდატები, რა ერთად ვიყავით?!“, – კითხულობს კანდიდატი.

კითხვაზე, თუკი იცოდა, რომ იმავე რესტორანში ოპოზიციური პარტიის, კერძოდ „ლელოს“ მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, რატომ არ იცოდა იმ პედაგოგების შესახებ, რომელთან ერთადაც ერთი საათის წინ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ ოპონენტები უფრო აინტერესებს: „ბიჭებმა თქვეს, [რომ ოპონენტებიც იყვნენ] მე არ მინახავს. კონკურენტის შესახებ უფრო ბევრი მაინტერესებს“.

ცნობისთვის, გუშინ, 28 ოქტომბერს, მესხეთის თეატრში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების და მუნიციპალიტეტების პედაგოგების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. როგორც მოგვიანებით ობოლაშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტა, პედაგოგებს შეხვედრა ჰქონდათ განათლების მინისტრის მოადგილესთან. შეხვედრა დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო.

რესტორან „ემიგრანტში“ კი „სამხრეთის კარიბჭემ“ ბორჯომელი პედაგოგები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილე, ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის მერები დაახლოებით 21:00 საათიდან დააფიქსირა.