რატომ შეიკრიბნენ ახალციხის რესტორანში პედაგოგები, “ოცნების” კანდიდატი და ხელისუფლება

587

შემდეგი სტატია

28 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა, სახელმწიფო რწუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, წინასაარჩევნოდ სკოლის დირექტორები რესტორანში მიიწვია, მათი ნაწილი 31 ოქტომბრის არჩევნებზე საუბნო კომისიის თავმჯდომარეები არიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

რესტორან „ემიგრანტში“ ფაქტის გადასამოწმებლად „სამხრეთის კარიბჭე“ 21:00 საათისთვის მივიდა, რესტორნის ერთ–ერთ შენობაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატთან, ანტონ ობოლაშვილთან ერთად, სუფრაზე სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მისი მოადგილე, ასევე, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ახალციხის მერები იმყოფებოდნენ.

„ოცნების“ კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვახშმობდა და ინფორმაცია, თითქოს სკოლის დირქტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები რესტორანში დაპატიჟა, სიცრუეა: „შემობრძანდით და ნახეთ, აქ მხოლოდ მერები არიან“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტის რესტორანში გამოჩენიდან მალევე, ტერიტორია დატოვეს სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, მისმა მოადგილემ, შალვა ბერძენიშვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ჟურნალისტები წავიდნენ, რესტორნიდან გამოვიდნენ ბორჯომის სკოლის დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იზოლდა ლომიძე.

ბორჯომელი პედაგოგებიდან, რომელთა გადაღება ჟურნალისტმა შეძლო, უმრავლესობა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ან თავმჯდომარეა. ისინი კატეგორიულად უარყოფენ, რომ რესტორანში „ოცნების“ კანდიდატმა მიიწვია: „ნუ გვიღებთ, ჩემი თავი მე თვითონ დავპატიჟე, კარი დახურეთ, არ გრცხვენიათ?!“

პედაგოგების წასვლის შემდეგ ჟურნალისტმა ბორჯომის მერის, დავით ზაალიშვილის ჩაწერა სცადა, ამ დროს ადიგენის მერმა, ზაქარია ენდელაძემ მას ტელეფონი წაართვა და ძალის გამოყენებით სცადა შენობიდან გაეყვანა.

რესტორნის ტერიტორიაზე განლაგებულ „კუპეებში“ ბორჯომელი მასწავლებლების გარდა კიდევ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ შენობა ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში არ დაუტოვებიათ. ეზოში კი მათ რამდენიმე მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ელოდებოდათ.

იურისტების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი შესასწავლია, რადგან შეიძლება ეს ადმინისტრაციული რესურსის, ან ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს.

„დასადგენია რა მიზანი ჰქონდა მასწავლებლების მობილიზებას, შეიძლება ეს იყო წინასაარჩევნო ინსტრუქტაჟი. თუ ქეიფის ფული გადაიხადა კანდიდატმა ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა, თუ ბიუჯეტის ფული დაიხარჯა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საბიუჯეტი რესურსების არამიზნობრივი ხარჯვაა“, – განმარტავს იურისტი.