„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ტყაიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
ჩიქოვანის განცხადებით, შეხვედრებმა პოზიტიურ გარემოში ჩაიარა.
,,ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა სოფელ ტყაიაში, ეს სოფელი არის ძირძველი ზუგდიდური სოფელი, სადაც ჩემი ოჯახის ძირია. შეხვედრაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა სითბო, მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალშიც, რომ ყველა ის საჭიროება და ყველა ის გეგმა, რომელიც გვაქვს და რომელზეც ერთობლივად შევთანხმდით, შესრულდეს შემდეგი წლების განმავლობაში.
კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებმა ძალიან პოზიტიურ გარემოში ჩაიარა, ჩვენ თითო ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და ყველა მათგანი ძალიან საქმიანი და ინფორმაციული იყო. განწყობა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია, ზუგდიდი ნამდვილად დგას განვითარების გზაზე და ამას სჭირდება მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვპირდებით. ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.