„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, გუშინ დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი ინციდენტისას, ერთმანეთს ცეცხლი „ქართული ოცნების“ წევრებმა გაუხსნეს.
შაშკინის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე პირებს შორის დაპირისპირება „ქართული ოცნების“ შტაბიდან გამოგზავნილმა ფულმა და ბენზინის ტალონებმა განაპირობა, რომელიც დამნაშავეებმა ვერ გაიყვეს.
„პირველი დაპირისპირება ამ ბანდის წევრებს შორის მოხდა ბოლნისში, როდესაც თბილისიდან „ქართული ოცნების“ შტაბიდან გამოგზავნილი ფულიდან გაქრა დიდი თანხა, თუმცა ეს სროლამდე არ მისულა. მაგრამ გუშინ დმანისში იგივე განმეორდა, ფული ვერ გაიყვეს. მოწმეები ადასტურებენ, რომ სროლის წინ იყო ხმამაღალი კამათი ფულთან და ბენზინის ტალონებთან დაკავშირებით, რომელიც გამოდიოდა „ქართული ოცნების“ ოფისიდან და ამ კამათს მოყვა სროლა. ორი ადამიანი დაჭრილია ფეხებში, ერთი ტანის არეში, ყველანი არიან „ქართული ოცნების“, გოგი მეშველიანის შტაბის წევრები. თუ ეს ბანდა არ გაჩერდება, ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან ცუდად, უკვე ერთმანეთს ესვრიან.
ეს ხალხი უნდა იყოს დაკავებული და მიღებული იყოს ზომები ამ ბანდის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. იმის ნაცვლად, რომ გოგი მეშველიანმა აღიაროს ეს პრობლემა, აცხადებს, რომ თურმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კახა ოქრიაშვილმა დავათვრეთ მათი აქტივისტები, ჩავუდეთ იარაღი და ვასროლინეთ ერთმანეთისთვის. სანამ დიდი უბედურება არ მოხდა ვთხოვთ პოლიციას, რომ მიიღონ ზომები“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევაში მონაწილე პირები ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვა დანაშაულშიც ფიგურირებდნენ.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბოლნისის, დმანისისა წალკის და თეთრიწყაროს რაიონში მოქმედებს კარგად ორგანიზებული ბანდა, რომელიც არის შექმნილი გოგი მეშველიანის მიერ. ამ ბანდას ხელმძღვანელობს მისი ძმა და მასში შედიან სახელმწიფო მოხელეები და კრიმინალები. დმანისში, დღისით-მზისით 12-მა კაცმა ამ ბანდიდან ცემა ერთი ადამიანი, ეს გადაღებული იყო კამერებზე და იდენტიფიცრებული იყო ყველა თავდამსხმელი. ამ ბანდის ერთ-ერთი წევრი იყო საოლქო კომისიის წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ნულოვანი რეაქცია. ამ ბანდამ ცემა წალკაში ადგილობრივი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, ასევე ნახიდურში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი. ეს ბანდის წევრები ემუქრებოდნენ ჟურნალისტს თავის მოჭრით და არცერთი დაკავებული არ არის. მათ ესროლეს ლოდი ვეტერანის მანქანას, თუმცა ეს ადამიანი სასწაულად გადარჩა. სამი დღის წინ ამ ადამიანებმა სცემეს მასწავლებელი მხოლოდ იმის გამო, რომ ის „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერდა. მხოლოდ დროის მომენტი იყო, როდის დაიწყებდნენ ისინი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. ორი დღის წინ ბოლნისში, კახა ოქრიაშვილის პარტიის ახალგაზრდულ თავმჯდომარეს ესროლეს ექვსჯერ, ერთი ტყვია გაარტყეს მანქანას და ის ბედზე გადარჩა. კვლავ იდენტიფიცრებულია ყველა დამნაშავე, არცერთი დაკავებული არ არის“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ღამით, დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან გუშინ ინციდენტი მოხდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ინფორმაციით ცივი იარაღით დაჭრილია 4 ადამიანი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისში, “ქართული ოცნების” ოფისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება 117-ე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.