გოგი მეშველიანი დმანისის ინციდენტზე: დაჭრილია როგორც ჩვენი აქტივის წევრი, ასევე თავდამსხმელები – ეს „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა

518

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის განცხადებით, დმანისში მმართველი პარტიის ოფისთან მომხდარი ინციდენტი “ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

მეშველიანის თქმით, მომხდართან დაკავშირებით, პასუხისგებაში მიეცემიან არამხოლოდ ინციდენტში მონაწილე პირები, არამედ დამკვეთები და ინიციატორები.

„ეს არის დამარცხებისთვის განწირული, აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის პროვოკაცია, რათა დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში მაქსიმალურად მეტი ზიანი მიაყენონ საარჩევნო პროცესს და შექმნან არალეგიტიმური საარჩევნო პროცესის ილუზია. სამწუხაროდ, თავდასხმას მოჰყვა მონაწილე პირების ფიზიკური დაზიანება. დაჭრილები არიან როგორც ჩვენი აქტივის წევრი, ისევე თავდამსხმელები. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე გამოიძიებენ ამ თავდასხმას და პასუხისგებაში მიეცემიან არამხოლოდ მონაწილეები, არამედ მათი დამკვეთები და ინიციატორები. ხელწერა, რაც დმანისში განხორციელდა, რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ბოლნისში, ნახიდურში, მარნეულში. ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი ოპონენტის ხელწერა, რომლის ამოცნობა ძალიან მარტივად შეიძლება. ეს თავდამსხმელები, რომლებიც მოვიდნენ ქართული ოცნების“ ოფისში ეძებდნენ „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის შტაბის უფროსს იმისათვის, რომ მათთვის მიეყენებინათ ზიანი, რასაც შემდგომში მოყვა დაპირისპირება“, – განაცხადა მეშველიანმა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით კი, ცეცხლსასროლი იარაღით ერთმანეთს მმართველი გუნდის აქტივისტები დაუპირისპირდნენ. გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე ე.წ კანონიერ ქურდთან დაახლოებული ზურაბ ოკმელაშვილია, რომელმაც შტაბის რამდენიმე წევრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

დაპირისპირება დმანისში “ქართული ოცნების” ოფისთან მოხდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ინფორმაციით ცივი იარაღით დაჭრილია 4 ადამიანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისში, “ქართული ოცნების” ოფისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება 117-ე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.