წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერ მერ გიორგი ხარჩილავაზე თავდასხმა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ და ყველა დამნაშავე უსწრაფესად დასაჯონ, – ამის შესახებ „ლელოს” განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, წალენჯიხის ცენტრში, მერის საცხოვრებელი სახლთან, მისი კუთვნილი ავტომობილის დაწვა პირდაპირ აღიქმება, როგორც „ტერორი და დაშინების მცდელობა“.
„ანალოგიური დანაშაულები კიდევ ერთხელ ქმნის დაუცველობის და ქვეყანაში უკონტროლობის განცდას, სრული პასუხისმგებლობა ახლა ეკისრება შესაბამის უწყებებს და საქართველოს ხელისუფლებას. ოპოზიციის დაშინების მცდელობა ვერ შეუშლის ხელს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ვერ გააჩერებს იმ რეფორმებს და პროგრესს, რომელიც წალენჯიხაში ხორციელდება. “ლელო” კატეგორიულად მოითხოვს, გატარდეს ყველა შესაბამისი ქმედება, რათა უმკაცრესად დაისაჯონ ამ ტერორის ორგანიზატორები“, – ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მერის ავტომანქანა მერის სახლთან, გამთენიისას დაიწვა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.