ზუგდიდის მერია უარყოფს ბრალდებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე

380

წინა სტატია

“ევროპული საქართველოს” საჩივარზე, რომ “ოცნების” კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის დაპირებებს, მერიის ტენდერების გამოცხადება ემთხვევა, ზუგდიდის მერია სიცრუეს და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობას უწოდებს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურულ თუ სხვა სახის პროექტებს, რომელიც ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სამოქალაქო ბიუჯეტით, ადგილობრივი ბიუჯეტით თუ ცენტრალური დაფინანსებით, გეგმის შესაბამისად ახორციელებს. მათ შორის არის ნარაზენში მიმდინარე სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომელიც სწორედ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარეობს. წელს ზუგდიდში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 89 პროექტი ხორციელდება, რომელსაც ჯერ კიდევ თებერვალში გამართულ დასახლების კრებებზე ხალხმა პრიორიტეტი მიანიჭა. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. პროექტების განსახორციელებლად 1 224 523.31 ლარი იხარჯება. გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განსხვავებული ინტერპრეტაცია არის მორიგი სიცრუე და მიზნად ისახავს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას”, – აცხადებენ მერიაში.

საოლქო კომისიის წევრმა “ევროპული საქართველოდან” ბესიკ დონაძემ კომისიაში საჩივარი შეიტანა “ქართული ოცნების” კანდიდატის მიერ ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენებაზე, კერძოდ, მან განაცხადა, რომ როდესაც ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდა 14 ოქტომბერს სოფელ ნარაზენში, ხოლო 18 ოქტომბერს უკვე გამარტივებული შესყიდვით, ანუ 1 პირთან მოლაპარაკებით, მერიამ გააფორმა ხელშეკრულება და ნარაზენში დაიწყო სკვერის მშენებლობა, რომელსაც იქ მოსახლეობას დაჰპირდა ირაკლი ჩიქოვანი.