ბოლნისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები გამოკითხეს

611

წინა სტატია

ბოლნისის პოლიციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გამოკითხეს. ასევე გვიან ღამემდე უტარდებოდა ექსპერტიზა ავტომობილს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ადვოკატის, ზურაბ თოდუას განმარტებით, სამართლიანი გამოძიების პირობებში საქმე სსკ-ის 19-108-ე მუხლით საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ინფორმაციას მომხდარი ფაქტის შესახებ კატეგორიულად უარყოფს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამით რამდენიმე საათით ადრე სოფელ ჯავშანიანში მომხდარი ინციდენტის გადაფარვას ცდილობს.

სამართალდამცველებმა სოფელ ჯავშანიანში მერის წარმომადგენელი მამედ შალიმოვი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილს ზეწოლასა და დაშინებაში ადანაშაულებს, უკვე გამოკითხეს. დაწყებულია გამოძიებაც.