ენმ: ბოლნისში, მანქანას, რომელშიც ოქრიაშვილის მხარდამჭერები ისხდნენ, ესროლეს

465

შემდეგი სტატია

ბოლნისში, ავტომობილს, რომელშიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები ისხდნენ ესროლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის, გუჯა ჯაფარიძის განცხადებით, დაზიანებულია ლევან მიქელაძის მანქანა და მას ნატყვიართან ერთად მანქანის შეჯახების კვალიც ეტყობა.

„შემთხვევა დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა. მარნეული-ბოლნისის შუა მონაკვეთში კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერს, ლევან მიქელაძეს ჯერ მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, რომ არ დაემორჩილა, ესროლეს. მანამდე მანქანა დააჯახეს, უკანა „ბამპერზე“ აქვს ნატყვიარი. მანქანის ნომერი არ იცის, მაგრამ „ფიატის“ მარკის ავტომობილია. მას დაზიანება არ აქვს, მანქანას ეტყობა ნატყვიანი და გვერდიც დაზიანებული აქვს შეჯახების შედეგად. ადგილზე საპატრულო პოლიციაა გამოძახებული და ველოდებით“, – განაცხადა გუჯა ჯაფარიძემ.

როგორც თავად ლევან მიქელაძე ფორმულასთან საუბარში ამბობს, მას “ქართული ოცნების” შტაბის წევრები 2 მანქანით აედევნენ. მიქელაძის თქმით, მას დაახლოებით 8-10 პირი აედევნა და მათ 6-მდე გასროლა განახორციელეს.

“თბილისისკენ მივდიოდი, როდესაც 2 მანქანა წამომეწია. უნდოდათ ჩემი შენელება და “აბგონზე” გასვლა დავიწყე. მომარტყეს გვერდზე და გადამაგდეს ხევისკენ. მანქანა დავიმორჩილე, ამოვედი და სროლა-სროლით მომსდევდნენ. 2 კაცი დავინახე. ერთი მინდიაშვილი აჩიკო და ბექა, საკრებულოს წარმომადგენელი. ისინი მძღოლები იყვნენ”, – აღნიშნა ლევან მიქელაძემ.