უდუმაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, ბათუმში 5000-მდე პირბადე დარიგდა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – „ოცნების“ მითითებები სამარცხვინოა

386

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ბათუმში პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რამაც ლოჯისტიკაში პრობლემები შექმნა, ბევრ მათგანს არ ეკეთა პირბადე, შესაბამისად, რთული აღმოჩნდა მათი კონტროლი.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალში დაგეგმილი აქციები ბევრად უფრო ორგანიზებული იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები მზად იყვნენ ბათუმში, ჩვენ ნამდვილად არ ველოდით ხალხის ამხელა ნაკადს. თერმოსკირნინგის აპარატები იყო, ასევე პირბადეები რომელიც რიგდებოდა, მაგრამ, ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა, ამიტომ შეიქმნა გარკვეული პრობლემები ლოჯისტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ 5000-მდე პირბადე იყო დარიგებული, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ძალიან ბევრ ადამიანს არ ეკეთა პირბადე და ხალხის დიდი ნაკადიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ყველა ადამიანთან მისვლა და მათი გაფრთხილება. მაგრამ, ბათუმმა გარკვეულწილად დაგვანახა, რომ შემდგომ აქციებზე ჩვენ ბევრად უფრო ორგანიზებულები ვიქნებით, რათა არ გაჩნდეს კითხვები ჩვენ აქციებთან დაკავშირებით.

ყველამ უნდა გავითვალისწინოთ რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გარეშე ამ ქვეყანაში ვერც კორონავირუსს ვერ დავამარცხებთ და ვერც ძალიან სწრაფ ცვლილებებს დავიწყებთ, რომელმაც ეს ქვეყანა ფეხზე უნდა წამოაყენოს“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მითითებები გუშინდელ აქციაზე სამარცხვინო იყო, ვინაიდან პანდემიის ფონზე მათ არაერთი მასობრივი შეკრება მოაწყვეს.

„სამარცხვინოა „ქართული ოცნების“ მითითებები გუშინდელ აქციაზე იმ ფონზე, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ ორგანიზებით არაერთი ასეთი მასობრივი შეკრება ვნახეთ. თუნდაც ივნისში, რაც ხდებოდა კიკვიძის ბაღში. ასევე, გავიხსენოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში რა ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში, სადაც ასეულობით ადამიანი მიჰყავდათ ყოველდღე წესების დაცვის გარეშე“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს, ბათუმში “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ძალა ერთობაშიასთან” ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც.

“ნაციონალური მოძრაობის” ამ აქციას “ქართული ოცნების” ლიდერები მძაფრი კრიტიკით გამოეხმაურნენ და ოპოზიცია ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაში დაადანაშაულეს.

წინასაარჩევნო პერიოდში ხალხმრავალ შეხვედრებსა და ღონისძიებებს “ქართული ოცნებაც” მართავდა. ოპონენტების პასუხად ისინი აცხადებდნენ, რომ იცავენ რეკომენდაციებს და დისტანციას.