გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, მის საარჩევნო შტაბთან “ქართული მარშის” მიერ აქციის გამართვა ” ქართული ოცნების” ინტერესში შედიოდა.
„ ბუნებრივია, ეს აქცია “ქართული ოცნების” პირდაპირ ინტერესებში შედიოდა, კერძოდ, არ ვიცი, ვის ინტერესში, ბატონი კობიაშვილის, კალაძის თუ ვისი, მაგრამ გლდანის რაიონს ხელისუფლება ოპოზიციასთან პირველივე ტურში დიდი სხვაობით აგებს. არ ვიცი, რა ვერ გათვალა ხელისუფლებამ, როდესაც მათ მიერ წინა ხაზზე წამოწეული იქნება “ქართული მარში” და ეს სხვაობა ოპოზიციასთან მიმართებით მათივე საწინააღმდეგოდ კიდევ უფრო გაიზრდება”, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, “ქართული მარში” დაფინანსებული ორგანიზაციაა და დამკვეთმა რაც დაავალა ის გააკეთა”.
“გუშინ უბრალოდ, ვერ გათვალეს, ხელისუფლება რასაც აკეთებს ყველაფერი ისევ მისთვის არის კონტრპროდუქტიული . გუშინდელი დღე ამის ილუსტრაცია იყო. დიახ, კიდევ უფრო მეტი ენერგია, მოტივაცია გვაქვს, რომ დავამარცხოთ ყველა, ვინც მზად არის ფულის სანაცვლოდ უკადრებელიც კი იკადროს და გუშინ ასეთი ხალხი დავინახეთ ჩვენ. ამით მეტი არაფერი იყო ნათქვამი – ვიღაცამ გადაიხადა, ვიღაცამ შეასრულა, გადამხდელიც ვიცით და შემსრულებელიც დავინახეთ”, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, მას “ქართულ მარშთან” მიმართებით რიგი მიზეზების გამო რაიმე პოზიცია არასდროს გამოუთქვამს.
“უკანასკნელი წლების განმავლობაში მე არ მახსენდება საჯაროდ თუნდაც ერთხელ მაინც საკუთარი პოზიცია დამეფიქსირებინა ამ ორგანიზაციაზე, გამორიცხულია,მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და ეს არა იმიტომ, რომ ჩემი შეხედულება არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ვთვლი, ეს ის შემთხვევაა, როცა დროის ფუჭად კარგვა არ ღირს” , – განაცხადა მელიამ.