არასასურველი ვარ, რადგან აგიტაციას არ ვეწევი – ქსანში სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს

469

შემდეგი სტატია

ქსნის სკოლის დირექტორი, დოდო კოტორლიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა. იგი თბილისში კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს. შვილის, ბექა ლელუაშვილის ცნობით, დოდო კოტორლიშვილს ინფაქტის ნიშნები აქვს. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.

მედიასთან საუბარში გათავისუფლებული დირექტორი აცხადებს, რომ “არასასურველი დირექტორია”, რადგან აგიტაციას არ ეწევა.

“დავურეკე რესურს ცენტრს და მითხრეს, არ ხარ სიაშიო. მე ვარ მათთვის არასასურველი დირექტორი, რადგან აქ აგიტაციას არ ვეწევი. რესურსცენტრის უფროსმა მითხრა, არაფერი არ გამოგივაო. არ აგზავნიდა და მოვთხოვე ჩემი განცხადება გაეგზავნა. ამ განცხადებას რეზოლუცია არ დაადეს, რადგან უფლებამოსილება არ გამიგრძელდა”, – ამბობს დოდო კოტორლიშვილი.

ფორმულას ცნობით, გათავისუფლების მიზეზი, სავარაუდოდ, მისი ქმარ-შვილის საქმიანობას უკავშირდება. ბექა ლელუაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას”, მაჟორიტარობის კანტიდატის, კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრია.

“ვუკავშირებ ჩემს გააქტიურებას, ჩემს ნაცნობობას ცეზარ ჩოჩელთან და კახა ოქრიაშვილთან”, – ამბობს ლელუაშვილი.

განათლების სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მათი მხრიდან არცერთი დირექტორის გათავისუფლება არ მომხდარა. უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა. განათლების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი. მათივე ინფორმაციით, ყველა მათგანს აქვს შესაძლებლობა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.